პროხორეს ცხოვრება
პროხორეს ცხოვრება — სვინაქსარული ტიპის ჰაგიოგრაფიული ძეგლი. მოგვითხრობს პროხორე ბერის (985 ან 990-1066) მოღვაწეობის ამბავს. პროხორე წარმოშობით შავშელი იყო, წყაროსთავის მონასტერში მიიღო განათლება, აქვე აღიკვეცა ბერად. მერე იერუსალიმს გაემგზავრა და საბას ლავრაში „დაყვნა წელნი მრავალნი“. ექვთიმე ათონელის დავალებით დაიწყო ჯვარის მონასტრის შენება. ჯვარის მონასტრის აშენების მიახლოებითი თარიღია 1025-1058 წწ. ამ მონასტერში პროხორემ ოთხმოცამდე ქართველი მოღვაწე შეკრიბა და „განუჩინა წესი და კანონი მონასტრისაჲ“. 1061 წ. არნონის უდაბნოში გაემგზავრა და იქვე გარდაიცვალა ღრმად მოხუცებული.
„პროხორეს ცხოვრება“ საყურადღებო ცნობებს შეიცავს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქართული სამწერლო კერის — იერუსალიმის ჯვარის მონასტრის შესახებ. ნაწარმოების უძველესი ხელნაწერი XI ს. მეორე ნახევრისაა. სამეცნიერო ლიტერატურაში გამოთქმულია რამდენიმე სავარაუდო მოსაზრება ამ ძეგლის გამო: „პროხორეს ცხოვრება“ მხოლოდ სვინაქსარული შეიქმნა, მას არ უსწრებს ვრცელი რედაქცია; ძეგლი დაიწერა ჯვარის მონასტერში დაახლოებით 1066–70 წლებში; ცხოვრების ავტორი უნდა იყოს ჯვარის მონასტრის ქართველი მოღვაწე, აღწერილ ამბავთა თვითმხილველი.
ტექსტი და ლიტერატურა
- ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, IV, 1968; გვ. 345-346, 98-111.