პრჟევალსკი ნიკოლოზ
ნიკოლოზ პრჟევალსკი – (რუს.Никола́й Миха́йлович Пржева́льский, (1839-1888 წ.წ.), რუსი მოგზაური და ცენტრალური აზიის მკვლევარი. ლ. ს. ბერგის სამართლიანი შენიშვნით ის იყო „ყველა დროისა და ყველა ხალხის ერთ-ერთ ყველაზე შესანიშნავ მოგზაურს“. ჰიმალაის მთების ცნობილი მკვლევარი ჰუკერი წერდა: „სტენლი და ლივინგსტონი გაბედული პიონერები იყვნენ, მაგრამ მათ იცოდნენ მხოლოდ გავლილი გზის ჩვენება რუკაზე, ბუნების შესწავლისათვის მათ არაფერი გაუკეთებიათ, მხოლოდ ერთმა პრჟევალსკიმ შეძლო გაეერთიანებინა თავის თავში გაბედული მოგზაური გეოგრაფთან და ნატურალისტთან".
პირველად ნ. მ. პრჟევალსკიმ იმოგზაურა უსურის მხარეში (1867-1869 წ.წ.); ამ მოგზაურობის შემდეგ რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების დავალებით მან ოთხჯერ იმოგზაურა ცენტრალურ აზიაში:
1) 1870--1873 წ.წ. პრჟევალსკიმ თავის თანამგზავრებთან ერთად გაიარა 11.000 კმ ცენტრალური აზიის მიმართულებით და გამოიკვლია შემდეგი ადგილები: მონღოლეთი, ჰან-სუ, კუკუ-ნორი, ცაიდამი და ჩრდილო ტიბეტი; ამ მოგზაურობის დროს თავისი კვლევის შედეგები პრჟევალსკიმ ასახა წიგნში: „მონღოლეთი და ტანგუტთა ქვეყანა“ (პეტერბურგი; I ტ. 1875 წ.; II ტ. 1876 წ.);
2) 1876-1877 წწ. მეორედ იმოგზაურა კულჯიდან ტიან-შანს იქით და ლობ-ნორზე;
3) 1879-1880 წ.წ. პრჟევალსკი შეუდგა მესამე მოგზაურობას ზაისანიდან ხამის გავლით ტიბეტში და ყვითელი მდინარის (ხუან-ხე) სათავეებისაკენ;
4) თავის მეოთხე მოგზაურობის დროს 1883-1885 წ.წ. მან 7.325 კმ-ზე მეტი გაიარა კიახტიდან ყვითელი მდინარის სათავემდე, გამოიკვლია ტიბეტის ჩრდილო განაპირა მხარე, შემდეგ უკან დაბრუნდა ლობ-ნორით მდინარე ტარიმის აუზზე გავლით.
1888 წ. ნ. მ. პრჟევალსკი გაემგზავრა ექსპედიციაში მეხუთეჯერ, რომლის მიმდინარეობის დროსაც იგი გარდაიცვალა (პრჟევალსკი დასაფლავებულია ქალაქ ყარაკულში – ამჟამად ქ. პრჟევალსკი, ისიკ-ყულის ტბის ნაპირას).
ცხრა წლისა და სამი თვის განმავლობაში ნ. მ. პრჟევალსკის მიერ გავლილი და რუკაზე გადატანილი იყო დაახლ. 30 ათასი კმ; აღმოჩენილი იქნა ქედები: ალტინი ნან-შანის ოლქში, ჰუმბოლდტისა და კარლ რიტერის ქედი, და ქედი, რომელსაც შემდეგ ეწოდა პრჟევალსკის სახელი; აღმოჩენილი იქნა ტიბეტის ზეგანზე ორი ტბა „რუსკოე“ და „ექსპედიციისა“. გარდა ამისა, პრჟევალსკის მიერ აღმოჩენილია გარეული აქლემი, გარეული ცხენი (პრჟევალსკის ცხენი), ტიბეტის დათვი; შეგროვილი იქნა მდიდარი ბოტანიკური და ზოოლოგიური კოლექციები.