პურუშა
პურუშა – (ინდ.) „ადამიანი“, დასაბამიერი, პირველქმნილი ათასთავა, ათასთვალა, ათასფეხა ადამიანი, რომელიც ღმერთებმა დააბეს როგორც სამსხვერპლო პირუტყვი და მსხვერპლად დაკლეს, რათა მისი ნაწილებისგან სამყარო შეექმნათ. მისი ბაგეებისგან მათ ბრაჰმანები – ქურუმები შექმნეს, რადგან მათთვის, როგორც მგალობელთა და შემლოცველთათვის, მთავარია ბაგეები; ხელებისგან – მეფეები, რადგან ხელი ძალაუფლების ნიშანია, თეძოებისგან – ქშატრიები ანუ მეომრები, ამიტომაც მათ თეძოზე სულ მუდამ იარაღი აქვთ მიბჯენილი, ფეხებისგან – შუდრები ანუ უბრალო ხალხი, ისინი ხომ, როგორც მსახურნი, მუდამ ფეხზე დგანან ან მიმოდიან. პურუშას გონებისგან მთვარე წარმოიშვა, თვალისგან – მზე, პირისგან – ინდრა და აგნი, სუნთქვისგან – ქარი, თავიდან ცა წარმოიშვა, ჭიპისგან – ჰაერის სივრცე, ყურებისგან ქვეყნის ოთხი კუთხე შეიქმნა, ტერფები კი მიწად გარდაიქმნა.