ჟენე ედმონ შარლ
ედმონ შარლ ჟენე – (დ. 8 იანვარი, 1763 – გ. 14 ივნისი, 1834), ფრანგი დიპლომატი.
1729 დანიშნეს რუსეთის საქმეების რწმუნებულად, მაგრამ თავისი რევოლუციური სიმპათიების გამო ცუდად იქნა მიღებული ეკატერინე II-ის კარზე. 1792 გახდა საფრანგეთის წარმომადგენელი ჰოლანდიაში, მაგრამ მალე ჟირონდისტულმა კონვენტმა გაგზავნა ელჩად აშშ-ში, ისარგებლა რა აშშ-ში დემოკრატიული მოძრაობის გააქტიურებით, საფრანგეთის რევოლუციისადმი სიმპათიების გაზრდით და ინგლისისადმი მტრული დამოკიდებულებით.
ედმონ შარლ ჟენე ქმნიდა დემოკრატიულ კლუბებს, დაუფარავად მოუწოდებდა ამერიკელ ხალხს, გამოეცხადებინათ ომი ინგლისისათვის, ცდილობდა გადაებირებინა ამერიკელები ინგლისის გემებზე თავდასასხმელად. ჟენეს მოქმედებანი ეწინააღმდეგებოდა აშშ-ის მმართველი წრეების სწრაფვას, შეენარჩუნებინათ ნეიტრალიტეტი. ვაშინგტონის მთავრობამ (23.VII.1793) მოითხოვა მისი უკან გაწვევა საერთაშორისო ნორმების დარღვევის გამო. ჟენემ ამაზე შეურაცხმყოფელი წერილით უპასუხა, ხოლო ამერიკელ ხალხს კი – აპელაციით. რობესპიერმა, ვაშინგტონის მთავრობის უკმაყოფილების შესამსუბუქებლად, გაიწვია იგი სამშობლოში, დაგმო მისი ქმედებანი და სასამართლოს გადასცა, მაგრამ ჟენე არ გაემგზავრა საფრანგეთში და აშშ-ში დარჩა, როგორც კერძო პირი.