ჟოზეფინა მიხელსკაია (მსხლის ჯიში)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჟოზეფინა მიხალსკაია

ჟოზეფინა მიხელსკაია - (Joséphine de Malines, Joséphine von Mechein).მსხლის ჯიში, ჟოზეფინა მიხელსკაია, გამოყვანილია ბელგიაში, მალინეში, 1830 წ. ესპერენის მიერ. ამჟამად იგი გავრცელებულია ევროპის მთელ რიგ სახელმწიფოებში, როგორც სამრეწველო ჯიში (საფრანგეთი, გერმანია, ბელგია და სხვა). დიდად მიღებული ჯიშია აგრეთვე ჩრდილოეთ ამერიკის ზოგიერთ შტატში, გვხვდება ყირიმსა, სამხრეთ-დასავლეთ უკრაინასა და საქართველოში.

საქართველოში ეს ჯიში სამრეწველო მნიშვნელობის არ არის. იგი გვხვდება მხოლოდ ცალკეულ ხეებად, ისიც ქართლის ზოგიერთ რაიონში; სხვაგან ჟოზეფინა, როგორც იშვიათი შემთხვევა, ბაღის მოყვარულთა კოლექციაში თუ შეგვხვდება; ახალ ასორტიმენტშიაც არ არის შეტანილი.

ნაყოფი საშუალო ზომისაა ან წვრილი, ზომით 55–70მმ.–50–60 მმ., დაბალი შენების, განიერ-მუცლიანი მსხლისებრი მოყვანილობის. ხშირად არასიმეტრიულად ვითარდება, გამობმა იცის იშვიათად ცალობით, უფრო ხშირად კუნწულ-კუნწულა, 4–7 ცალი ერთად.

ნაყოფის ყუნწი მოკლეა და საშუალო სიგრძის, სქელი, სწორი ან ცოტა ირიბი, ოდნავ თავკობალა, ზის სულ პატარა, ოდნავ ბორცვიან ღრუში.

ჯამი ღიაა და ზის არაღრმა განიერ ღრუში.

ნაყოფის კანი ძლიერ თხელია, გლუვი; მოკრეფისას მბზინავი, ღია მომწვანო ფერის, სრული სიმწიფისას კი ღებულობს ნამჯისფერ-ყვითელ ელფერს ან მუქ ყვითელ-ოქროსფერს, მცირე სიწითლით. ნაყოფის მთელ ზედაპირზე გაფანტულია მრავალი რუხი მონაცრისფრო წერტილი და ხალი. ჯამის და ყუნწის ღრუსთან ხშირად ჩნდება ჟანგაროს ხალები.

ნაყოფის ხორცი მოყვითალოა, ოდნავ მოვარდისფრო, მდნარი, ძლიერ წვნიანი, ტკბილი, სასიამოვნო გამახალისებელი მჟავიანობით, შეხამებული ნაზი მუსკატისებრი სურნელებით. საერთოდ ნაყოფი ძვირფასი გემოსია. ნაყოფის მოხმარებითი სიმწიფე იწყება ნოემბრიდან–იანვრამდე. თუ ნაყოფი კარგ პირობებშია განვითარებული, დროზეა მოკრეფილი და საწყობის შესაფერ პირობებშია შენახული, მაშინ იგი მარტამდე გასძლებს. საინტერესოა ის, რომ ნაყოფი საწყობში არ ჭკნება და არც ჩქარა გადამწიფდება ხოლმე.

ხე არაა ძლიერი ზრდის, მაგრამ საღი და გამძლეა. ინვითარებს განიერ-პირამიდულ, ტოტებდაშვებულ ვარჯს. ყინვისადმი კარგი გამძლეა, გვიან შედის მოსავლიანობაში, შემდეგში იძლევა უხვ მოსავალს; აშკარა მეწლეურია; სხვლას კარგად ვერ იტანს; ყველა მოკლე წანაზარდზე ისხამს. ნიადაგის მიმართ არაა მომთხოვნი, შედარებით მშრალ ნიადაგზე კარგად მოდის. ყვავილობა ადრეულა აქვს; ყვავილი თვითსტერილია. ნაყოფი ადვილად არ სცვივა ქარისაგან, სოკოვან დაავადებათა მიმართ საკმაოდ გამძლეა როგორც ხე, ისე ნაყოფიც. მოითხოვს კომშზე ჩართულ მყნობას. კარგია ძლიერ ნაგალა ფორმიან კულტურის საწარმოებლად. კარგ შედეგს იძლევა აგრეთვე ნახევარშტამბებად გაზრდილი.

ჯიშის საწარმოო-სამეურნეო ძვირფასი თვისებები:უხვი მოსავლიანობა, მცირე მოთხოვნილება გარემოსა და ნიადაგის მიმართ, დიდი ყინვაგამძლეობა, ნაყოფის უძვირფასესი ხარისხი, კარგი შენახვისა და ტრანსპორტაბელობის უნარიანობა, სოკოვან დაავადებათა მიმართ დიდი გამძლეობა ამ ჯიშს უსათუოდ ფართო სამრეწველო მნიშვნელობას ანიჭებს, მეტადრე ჩვენი ქვეყნის მაღალი ზონის მეხილეობისა და დასავლეთ საქართველოს მთელ რიგ რაიონებისათვის. ეს ჯიში უსათუოდ უნდა იყოს შეტანილი სამრეწველო ასორტიმენტში, მთელ რიგ რაიონებისათვის. მისი ნაკლი ის არის, რომ ნაყოფი ცოტა წვრილი აქვს და ზრდა არა აქვს საკმაოდ ძლიერი; მასთან მოგვიანებით იცის მსხმოიარობაში შესვლა და მეწლეურია. ბაღის მოყვარულთა ასორტიმენტის დიდად დამამშვენებელ ჯიშად უნდა ჩაითვალოს.



წყარო

საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები