ჟოლიო-კიური ირენ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მარია კიური-სკლოდოვსკა და ირენ ჟოლიო-კიური

ირენ ჟოლიო-კიური – (ფრანგ. Irène Joliot-Curie, 1897 - 1956), ფრანგი ფიზიკოსი.

დიდი მეცნიერის მარია კიური-სკლოდოვსკას ქალიშვილი პარიზში დაიბადა. იქვე დაამთავრა საშუალო სკოლა და შევიდა პარიზის უნივერსიტეტში. ჯერ კიდევ სტუდენტი იყო (1918 წლის შემდეგ), მუშაობა რომ დაიწყო მარია კიურის ლაბორატორიაში ასისტენტად. ამ ლაბორატორიასთან არის დაკავშირებული მთელი მისი ცხოვრება.

პირველი სამუშაო ირენმა შეასრულა თავისი დედის ხელმძღვანელობით, რომელსაც ლაბორატორიის დირექტორის და პარიზის უნივერსიტეტის პროფესორის თანამდებობა ეკავა. ეს იყო პოლონიუმის ძლიერი პრეპარატების მიღების ტექნიკის დამუშავება. მის მიერ გამოყენებულმა მეთოდმა შესაძლებელი გახადა რადიუმის ინსტიტუტში მიეღოთ პოლონიუმის ყველაზე ძლიერი პრეპარატი, რამაც მნიშვნელოვნად შეამსუბუქა ამ ელემენტის გამოკვლევის წარმართვა.

პოლონიუმის გამოკვლევაში ნაშრომთა ერთობლიობისთვის ირენმა 1925 წელს დოქტორის ხარისხი მიიღო. ერთი წლის შემდეგ ცოლად გაჰყვა რადიუმის ინსტიტუტის ასისტენტს ფრედერიკ ჟოლიოს. მას შემდეგ ირენი ქმართან ერთად მუშაობდა.

1934 წელს მარია სკლოდოვსკას სიკვდილის შემდეგ ირენი მისი შემცვლელი გახდა – პარიზის უნივერსიტეტში კათედრას ხელმძღვანელობდა, აგრეთვე, რადიუმის ინსტიტუტის დირექტორიც იყო. ქმართან ერთად დაიწყო გამოკვლევები მსუბუქი ელემენტების ბირთვებზე სხივების მოქმედებით, რაც შესაძლებელს ხდიდა ბირთვის ხელოვნურ გახლეჩას და ლაბორატორიული გზით ელემენტების გარდაქმნას. ამ გამოკვლევებმა 1933 წელს ხელოვნური რადიოაქტივობის აღმოჩენამდე მიგვიყვანა ალუმინის ალფა-ნაწილაკებით დაბომბვისას მეცნიერებმა შეამჩნიეს, რომ ნაწილაკების მოქმედების შეწყვეტის შემდეგ იგი პოზიტრონული გამოსხივების წყარო ხდება. ეს იმას ამტკიცებს, რომ ნაწილაკების მოქმედების შედეგად ალუმინში წარმოიქმნა ახალი სახის ატომები. ქიმიურმა ანალიზმა აჩვენა, რომ წარმოიქმნა ფოსფორი, რომელსაც აქვს რადიოაქტიური თვისებები. თითქმის ერთდროულად რადიოაქტიური ფოსფორის მიღებასთან ერთად ბორის და მაგნიუმის დაბომბვისას მიღებულ იქნა რადიო-აზოტი და რადიო-კრემნიუმი. ხელოვნური რადიოაქტივობის აღმოჩენა ბირთვული ფიზიკის განვითარების ახალი ეტაპის ამოსავალი წერტილი გახდა.

ამ აღმოჩენის კოლოსალურ მნიშვნელობაზე მიუთითებს 1935 წელს ცოლ-ქმრისათვის ქიმიის სფეროში ნობელის პრემიის მინიჭება. მათ მიერ აღმოჩენილი ხელოვნური რადიო–აქტივობის შემდეგ მიღებულია ათასზე მეტი რადიოაქტიური იზოტოპი. რადიოაქტიური იზოტოპები გამოიყენება ქიმიის, ბიოლოგიის, გეოლოგიის, მედიცინის, აგრონომიისა და ტექნოლოგიის სხვადასხვა სფეროში.

ირენ ჟოლიო-კიურის ჩამოთვლილი მიღწევების გარდა, საჭიროა კიდევ აღინიშნოს მას მიერ დამუშავებული ძლიერი რადიოაქტიური პრეპარატურის მიღების მეთოდები, ნაშრომი მთელი რიგი მძიმე რადიოაქტიური ელემენტების მიღებაზე, აგრეთვე ურანზე ნეიტრონების მოქმედების პროდუქტების გამოკვლევა, რომელშიც ნაპოვნი იქნა ლანთანი (ეს სამუშაო შეასრულა თავის თანამშრომლებთან ერთად ქმრის მონაწილეობის გარეშე).


წყარო

დიდი ფიზიკოსები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები