ჟუნჟრუკი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჟუნჟრუკი

Fam. Caryophyllaceae – ოჯ. მიხაკისებრნი
Stellaria media (L.) Vill. – ჟუნჟრუკი.

ერთ ან ორწლოვანი ბალახოვანი მცენარეა. ღეროები ცილინდრულია, სუსტი, მწოლარე ან წამოწეული, მუხლშორისების გაყოლებაზე ცალ მხარეს შებუსვილი. ფოთლები თხელია, კვერცხისებრი, თავწაწვეტებული, მათგან ზედა მჯდომარეა, ან თითქმის მჯდომარე, ხოლო ქვედა – ყუნწიანი, ორივე შიშველი, მხოლოდ ძირშია წამწამებიანი. ყვავილები თეთრია, ყუნწიანი, დაყვავილების შემდეგ, ქვემოთ დახრილი, ხოლო ნაყოფობისას – კვლავ ზევით აშვერილი. ნაყოფი სფერული კოლოფია, მომწიფებისას 6 საგდულით იხსნება. თესლი სფერულია ან სფერულ-თირკმლისებრი. ყვ. III-IX; ნაყ. V-IX.

გავრცელებულია ტყის სარტყელში; დამახასიათებელია ღია ცენოზებისათვის. იზრდება ტყის პირებზე, ღორღიან ფერდობებზე, რუდერალურ ადგილებში. როგორც სარეველა ბოსტნებში, საცხოვრებელი სახლების მახლობლად, გვხვდება აზოტით მდიდარ ნიადაგებზე. თაფლოვანი მცენარეა. ზოგ ადგილებში იყენებენ საკვებად ფხალის სახით. ეტანება პირუტყვი, ხმარობენ ფრინველების საკვებადაც.

სამკურნალოდ გამოიყენება ნედლი ბალახი, აგროვებენ მთელი ზაფხულის განმავლობაში. შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს, ვიტამინებს C, К , E, კაროტინს, ეთერზეთებს, მინერალურ მარილებს, სინაპის მჟავას.

ბალახის ნაყენი ხასიათდება ტკივილგამაყუჩებელი, დამარბილებელი, ამოსახველებელი, შარდმდენი, ნივთიერებათა ცვლის მომწესრიგებელი თვისებებით, ხალხურ მედიცინაში იყენებენ ჰემოგლობინის დონის ასაწევად, ნერვული სისტემის გასაძლიერებლად, კუჭ-ნაწლავის დაავადებების, კუჭისა და ნაწლავების უძლურების, ფაღარათის, აპენდიციტის, ყაბზობის, გაციებების, ხველების, ბრონქიტის, პლევრიტის, ჰეპატიტისა და ღვიძლის სხვა დაავადებების, გულის ტკივილების, რევმატიზმის, ნიკრისის ქარის სამკურნალოდ; ბავშვთა პრაქტიკაში – კრუნჩხვების საწინააღმდეგოდ. გარეგანად ნაყენის კომპრესებს და ნედლი ბალახის დაქუცმაცებულ ნაწილებს ადებენ სიმსივნეებს, მათ შორის ავთვისებიანს, ფურუნკულებს, ჰემოროიდალურ კვანძებს, კანის სხვადასხვა დაავადებებს, დამწვრობებს და მოტეხილობებს.

მისი გამოყენება არ არის სასურველი ჰიპოტონიის დროს, რადგან მას შესწევს უნარი წნევის დადაბლების. თავშეკავება მართებთ ფეხმძიმე და მეძუძურ ქალებს.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები