რადამისტი
რადამისტი − იბერიის მეფის ფარსმან I-ის ძე. სომხეთის ტახტის მფლობელი. დაახლ, 52-54, რომლის შესახებ ცნობებს გვაწვდის რომაელი ისტორიკოსი კორნელიუს ტაციტუსი. მისი სიტყვებით, რადამისტის გამომწვევი მოქმედება საფრთხეს უქმნიდა მამის მეფობას.
ფარსმან I-მა, ტახტის შენარჩუნების მიზნით, შეადგინა გეგმა. რომელშიც რადამისტს მთავარი როლი უნდა შეესრულებინა. მან რადამისტის ყურადღება მიმართა სომხეთზე, სადაც მეფობდა ფარსმანის ყმა მითრიდატე. ვერაგული გეგმით აღჭურვილი რადამისტი სომხეთში უნდა გაქცეულიყო როგორც სამშობლოდან დევნილი, კავშირი დაემყარებინა სომეხ დიდებულებთან და მოესინჯა ნიადაგი, რამდენად მტკიცედ უჭერდნენ მხარს მითრიდატეს. როცა დარწმუნდა, რომ სომეხი წარჩინებულები მზად იყვნენ მეფის საწინააღმდეგო შეთქმულებისათვის, მამას დახმარება გამოითხოვა და შეუდგა გეგმის სისრულეში მოყვანას. ალყა შემოარტყა გორნეაში (გარნი) ჩაკეტილ მეფეს და რომაელთა მოსყიდვის შემდეგ თავისი ბოროტი ზრახვები შეისრულა. მითრიდატე და მისი ოჯახის წევრები ამოჟლიტა და სომხეთის მეფის გვირგვინი დაიდგა. ტახტზე აღზევებულმა რადამისტმა სომეხი დიდებულების ინტერესები ვერ დააკმაყოფილა. ისინი აჯანყდნენ და ახალი მეფე განდევნეს. სომხეთი დაიკავა პართიამ. რადამისტი სამშობლოში დაბრუნდა, ფარსმანმა რომაელთა წინაშე ერთგულების დასამტკიცებლად სომხეთის დაკარგვის მთელი პასუხისმგებლობა რადამისტს დააკისრა და სიკვდილით დაასჯევინა.