რავის შეთანხმება 1698
რავის შეთანხმება 1698 – სიტყვიერი შეთანხმება პეტრე I-სა და პოლონეთის მეფე ავგუსტ II-ს შორის შვედეთის წინააღმდეგ ერთობლივი მოქმედების შესახებ.
დაიდო რავაში მათი შეხვედრის დროს 10-14 (20-24).VIII. დიდი ელაჩიობის 1697-98 წარუმატებელი მოლაპარაკებების შემდეგ პეტრე I-მა გადაწყვიტა, გაეძლიერებინა ბრძოლა ბალტიის ზღვაზე გასასვლელისათვის. ავგუსტ II თავის მხრივ ცდილობდა ლიფლანდიის დაბრუნებას, რათა განმტკიცებულიყო რეჩ პოსპოლიტაში. პეტრე I-ისა და ავგუსტ II-ის საუბრებში წამოიჭრა კოალიციის შექმნის საკითხი. შვედეთის მიერ დაპყრობილი ბალტიისპირეთის მიწების ომის გზით გამოსახსნელად. მოლაპარაკებები დასრულდა მხოლოდ სიტყვიერი შეთანხმებით. ავგუსტ II-ის პოზიციები პოლონეთის ტახტზე არც ისე მყარი იყო, რომ მას შვედეთის წინააღმდეგ განსაკუთრებული აქტიურობა გამოევლინა, რუსეთს ასევე არ შეეძლო გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმა, სანამ თურქეთთან ომს არ დაასრულებდა. მიუხედავად ამისა, რავის შეთანხმება, რომელიც განმტკიცდა პრეობრაჟენსკოეს ხელშეკრულებით 1699 საფუძველი ჩაუყარა ჩრდილოეთის კავშირს (1700-21).