რაინდი

რაინდი
1. ფეოდალიზმის ხანაში – სამხედრო-თავადაზნაურული წოდება;
2. გადატანითი მნიშვნელობით – უაღრესად პატიოსანი, კეთილშობილი ადამიანი.
3. უშიშარი, გმირი მებრძოლი. ფეოდალური ხანის დასავლეთ ევროპაში სამხედრო-თავადაზნაურული ფენის წარმომადგენელი. ფართო გაგებით, რაინდი ეწოდებოდა თავადაზნაურული წოდების ყველა საერო ფეოდალს, ვიწრო გაგებით – მხოლოდ წვრილ ფეოდალ-მეომარს. ძველ საქართველოში ანალოგიური მნიშვნელობა ჰქონდა ტერმინებს – “მოყმე”, “ჭაბუკი”.
VIII საუკუნიდან XV საუკუნემდე მძიმედ შეიარაღებული ცხენოსანი რაინდების რაზმები დასავლეთ ევროპის ჯარების ბირთვს წარმოადგენდნენ.
XV-XVI საუკუნეებში მუდმივი არმიების გაჩენისა და ცეცხლსასროლი იარაღის გავრცელებასთან დაკავშირებით რაინდების სამხედრო მნიშვნელობა შემცირდა. რაინდები, როგორც სოციალური კატეგორია, აზნაურებად გარდაიქმნენ, რომელთაგან შედგებოდა მუდმივი არმიების ოფიცერთა კორპუსი.