მიქაბერიძე რამინ
რამინ მიქაბერიძე – [26 მარტი 1944, სოფ. ხიდისთავი, ჩოხატაურის რ- ნი), ქართველი მომღერალი და ლოტბარი, საქართველოს სახალხო არტისტი. საქართველოს სახელმწიფო ზ. ფალიაშვილის სახელობის, ალბერტ შვაიცერის საერთაშორისო პრემიების ლაურეატი, მინიჭებული აქვს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ჯილდო „ხელოვნების ქურუმი“ (2015) და საქართველოს მწერალთა კავშირის ჯილდო „კულტურის რაინდი“, ღირსების ორდენი (1998), თბილისის (2013) და ბათუმის (2015) საპატიო მოქალაქე. მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა თბილისის ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე (2019).
რ. მიქაბერიძეს აქვს დიდი დიაპაზონის, ლამაზი ტემბრის ძლიერი ხმა, რომელიც შესანიშნავად ფლობს საქართველოს სხვადასხვა კუთხის სასიმღერო ფოლკლორს. აგრეთვე წარმატებით ასრულებს ქართველ კომპოზიტორთა ნაწარმოებებს.
რ. მიქაბერიძე იყო საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწ. ანსამბლების „ერისიონი“ (1967-78), „რუსთავი“ (1979-2002) სოლისტი, ქართული ფოლკლორის სახელმწიფო ანსამბლის „თბილისი“ სამხატვრო ხელმძღვანელი (1978-85). რ. მიქაბერიძის მიერ დაარსებულია თოთხმეტი ფოლკლორული ანსამბლი მათ შორის „მართვე“ ანზორ ერქომაიშვილთან ერთად (1976), ბათუმის სახელმწიფო ფოლკლორული ანსამბლი (1999-2005), ფოლკლორული გუნდი „პატრიარქის ნათლულები“ (2017) მ. მიქაბერიძესთან და სხვ. 1993-იდან დღემდე თავის ქალიშვილთან მაია მიქაბერიძესთან ერთად ხელმძღვანელობს ბავშვთა ფოლკლორულ ანსამბლს „საგალობლი“. რ. მიქაბერიძემ წარმატებით მოიარა მსოფლიოს 70-ზე მეტი ქვეყანა.
რ. მიქაბერიძის მუსიკალურ ტრადიციებს აგრძელებენ მისი შვილები და შვილიშვილები.