რატიანი ზვიად
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
რატიანი ზვიად − (1971), პოეტი. დაიბადა თბილისში. დაამთავრა თბილისის 190-ე საშუალო სკოლა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის (სტუ) კავშირგაბმულობის ფაკულტეტი. წლების მანძილზე მუშაობდა ლიტერატურულ ორგანიზაციებში, შემდეგ – მობილური ოპერატორის „ჯეოსელის“ სისტემაში. თარგმნის ინგლისურ და გერმანულენოვან პოეზიას (ელიოტი, პაუნდი, ფროსტი, სენდბერგი, ოდენი, ლოუელი, სტრენდი, უოლკოტი, სიმიკი, ჰინი, რილკე, ცელანი და სხვ.). გამოცემული აქვს კრებულები: „გამომიგონე” (1993), „ჩურჩულის გაკვეთილი” (1994), „ჯიბის ჰაერი” (2000), „გზები და დღეები” (2005), „ნეგატივი” (2009), „შენთვის შეიძლება” (2015).
- * * *
- როგორც ზღვისპირა ქალაქების
- ბინადრებისთვის − ზღვა,
- რომელიც ყოველთვის და ისედაც არის,
- იმადვე იქცა პოეზია ორმოცის შემდეგ:
- ჩანს თუ არა, ის მუდმივად სადღაც ახლოა,
- იგულისხმება სახლების და ხეების მიღმა,
- ღელავს, მშვიდდება, ცივდება, თბება,
- და მას შემდეგ, რაც ცხოვრება
- საპირისპირო მხარეს დაცერდა,
- ორმოცის შემდეგ, დახრილი ფერდით
- სულ უფრო ღრმად ეფლობა მასში.
- და სულ უფრო იშვიათად გიზიდავენ
- თვითონ ლექსები –
- როგორც ზღვისპირა ქალაქების ბინადრები,
- რაც წლები გადის, რაც ასაკი ემატებათ,
- უფრო და უფრო იშვიათად შედიან ზღვაში.