რატიფიკაცია
რატიფიკაცია – (ლათ. ratus – გადაწყვეტილი, დამტკიცებული და faccrc – კეთება), საერთაშორისო ხელშეკრულების დამტკიცება სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების მიერ. რაც ხელშეკრულების ვალდებულებებზე სახელმწიფოთა თანხმობის გამოხატვის ერთ-ერთ ფორმას წარმოადგენს.
ვენის კონვენციის თანახმად, საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ 1969 რატიფიკაცია საერთაშორისო აქტია, თუმცა სახელმწიფოს შიდა სამართლის ინსტიტუტსაც წარმოადგენს, რადგან მხოლოდ ეროვნული კანონმდებლობა განსაზღვრავს, რომელი ორგანოების კომპეტენციაში შედის ხელშეკრულების რატიფიკაცია. მისი აქტი ფორმდება სპეციალური დოკუმენტის – სარატიფიკაციო სიგელის სახით რომლითაც სახელმწიფოს მეთაური ატყობინებს მეორე მხარეს ხელშეკრულების დამტკიცების აქტს და არწმუნებს, რომ ხელშეკრულება პირნათლად შესრულდება. სარატიფიკაციო სიგელს ხელს აწერს სახელმწიფოს ან მთავრობის მეთაური და საგარეო საქმეთა უწყების ხელმძღვანელი.
მრავალმხრივი ხელშეკრულების რატიფიკაციის შემთხვევაში სარატიფიკაციო სიგელი შესანახად ანუ დეპონირებისათვის გადაეცემა ხელშეკრულებით განსაზღვრულ სახელმწიფო-დეპოზიტორს ან საერთაშორისო ორგანიზაციის აღმასრულებელ ორგანოს. ორმხრივი ხელშეკრულების რატიფიკაციის შემთხვევაში, მხარეთა შორის ხდება სარატიფიკაციო სიგელების გაცვლა. თუ ორმხრივი ხელშეკრულების ხელმოწერა ხდება ერთი კონტრაგენტის დედაქალაქში, სარატიფიკაციო სიგელები გაიცელება მეორე სახელმწიფოს დედაქალაქში.
რატიფიკაციის დროს სახელმწიფოს უფლება აქვს გააკეთოს შენიშვნები ანუ დათქმა, რაც უნდა შევიდეს სარატიფიკაციო სიგელში, მოქმედ საერთაშორისო სამართალში არ არსებობს ნორმა, რომელიც მხარეებს ხელმოწერილი ხელშეკრულების რატიფიცირების ვალდებულებას აკისრებდეს. თითოეული სახელმწიფო თავისი სუვერენიტეტის ძალით თვითონ წყვეტს ამ საკითხს, ვენის კონვენციის თანახმად, რატიფიკაცია საჭიროა, თუ ამას ითვალისწინებს თვით ხელშეკრულების ტექსტი ან სახელმწიფოს წარმომადგენელი ხელშეკრულებას ხელს აწერს რატიფიკაციის პირობით.