რაჭის ქედი
რაჭის ქედი – ქედი საქართველოში, შიდა ქართლის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეებში. რაჭის ქედის თხემის აბსოლუტური ნიშნულები 1000-3000 მ ფარგლებში ცვალებადობს. ქედის უკიდურესი აღმოსავლეთი ნაწილი – ერწო-წონას ქვაბულებს – მდ. ყვირილის სათავეებს უკავია, ხოლო დასავლეთი მონაკვეთი – ნაქერალას უღელტეხილიდან მდ. რიონის ხეობამდე, ოკრიბის ერთ-ერთი რკალური სერია.
რაჭის ქედი ასიმეტრიულია და რთული რელიეფით ხასიათდება; მის აგებულებაში მონაწილეობს უმთავრესად ბაიოსის პორფირიტული სერიისა და ქვედა ცარცული (ურგონული ფაციესის) კირქვები. კირქვების გამოსასვლელებთან, რღვევების გასწვრივ, თვალსაჩინოდ გამოიყოფა რამდენიმე ასეული მეტრის სიმაღლის ქარაფები და ჩინებულად გამოხატული კარსტული მოვლენები; ქარაფები შთამბეჭდავია რაჭის ქედის დასავლეთ და ცენტრალურ ნაწილებში; ძლიერი დაკარსტულობით გამოირჩევიან ნაქერალას და ხიხათის სანახები. ბაიოსის პორფირიტული ქანების გავრცელების არეალებს ემთხევა მძლავრი კლდეზვავური მასალის დაგროვება, დელუვიური შლეიფების განვითარება. ამ მხრივ გამოირჩევა მდ. ყვირილის აუზის ზემო წელი, სადაც 1991 წლის ძლიერმა მიწისძვრამ ხელი შეუწყო ხახაიეთის მძლავრი კლდე-ზვავის ჩამოწოლას და მდ. ყვირილის ხეობის გადაკეტვას, ტბის ქვაბულის გაჩენას.
აჭის ქედზე განსაკუთრებით აღსანიშნავია შაორის და შქმერის ქვაბულები. შაორის ტაფობის ძირი კარსტულ პოლიეს წარმოდგენდა; დღეს აქ წყალსაცავია აშენებული. შქმერის ქვაბული კი სინკლინია; მის კიდეებზე მაღალი ქარაფები გვაქვს. ქვაბულის ძირზე მდ. ხეორი გაედინება; იგი უშოლთასთან იკარგება და ქვაგახეთქილას ბოლოს ვოკლუზის სახით გამოდის.