რეგიონული ეკონომიკა
რეგიონული ეკონომიკა - (regional economics) - ეკონომიკური ანალიზის ნაწილი, რომელიც შეისწავლის ეკონომიკური საქმიანობის ტერიტორიულ განლაგებას და რეგიონებს შორის ეკონომიკური აქტიურობის დონეთა შორის განსხვავებას. იგი იკვლევს მიკრო- და მაკროეკონომიკურ პრობლემებს.
რეგიონული მაკროეკონომიკის ფარგლებში, როგორც წესი, ხორციელდება სხვადასხვა რეგიონების შედარებითი ანალიზი, ხოლო თვით რეგიონები განიხილება როგორც ერთგვაროვანი ეკონომიკური ერთეულები. რეგიონული მაკროეკონომიკა მოიცავს ეროვნული ეკონომიკის ფარგლებში სხვადასხვა რეგიონთა ეკონომიკური ზრდისა და უმუშევრობის, წარმოების ფაქტორთა მოძრაობისა და ა.შ. პრობლემებს.
რეგიონული მიკროეკონომიკა უპირატესად დაკავშირებულია კონკრეტულ ეკონომიკურ ობიექტებს შორის ურთიერთზემოქმედების საკითხების კვლევასთან. იგი შეისწავლის ადგილმდებარეობის გავლენას ეკონომიკურ საქმიანობაზე და არ განიხილავს რეგიონებს როგორც ერთგვაროვან ერთეულებს. დიდი და პატარა ქალაქების თავისებურებების კვლევისთვის გამოიყენება ტერმინი - «ქალაქების ეკონომიკა».