რედონე მარი
რედონე მარი - (ფრ. REDONNET MARIE). ფრანგი მწერალი, პოეტი და დრამატურგი.
ბიოგრაფია
მარი რედონე დაიბადა 1948 წელს. თავდაპირველად იგი ლიტერატურულ სარბიელზე გამოდის, როგორც მწერლების ახალი ტალღის წარმომადგენელი. მან გაიარა მოდერნისტული ლიტერატურის სკოლა, რომლის მიმდევარიც არ გამხდარა, რადგან საკუთარ გზას ეძიებდა. მარი რედონე წერს მოკლე, ნათელი ფრაზებით, სიუჟეტს აგებს მკვეთრად, ქმნის განსაკუთრებულ მხატვრულ სამყაროს მისეული უჩვეულო ლოგიკითა და უცნაური პერსონაჟებით. მის ნაწარმოებებში მოვლენათა ნამდვილი არსი კულტურული და მითოლოგიური პლასტების შეჯერებით იხსნება.
მარი რედონე ავტორია პოემისა „სიკვდილი და Ko“ (1985), ნოველათა კრებულისა „გაორება“ (1986), პროზაული ტრილოგიისა: „სპლენდიდ ოტელი“ (1985), „ფორევარ ველი“ (1980), „როზ მელი როზი“ (1987) და ორი პიესისა: „ტირი და ლირი“ (1984) და „მობი დიკი“ (1987). ორივე პიესა განახორციელა რეჟისორმა ალენ ფრანსონმა 1988/1989 წლების სეზონში.
პირველ პიესაში მწერალი შეგნებულად იყენებდა თავისი საყვარელი დრამატურგის - ს. ბეკეტის მხატვრულ ხერხებს და ე. ოლბის სიტუაციებს პიესიდან - „ვის ეშინია ვირჯინია ვულფის?“ ბებერი ცოლ-ქმარი მაბი და მები, მიტოვებულნი და გამათხოვრებულნი, ცხოვრების ბოლო დღეებს ითვლიან. მათი ერთადერთი გართობაა ყოველდღე წერილების კითხვა ვაჟიშვილ ტირისაგან და ქალიშვილ ლირისაგან. მოხუცებულთა ჯანმრთელობა თანდათანობით უარესდება და უსიამოვნებანი სდევნით მათ შვილებს. მათ მიერ შეთხზული სამყარო მათთან ერთად იღუპება.
მის შემდგომ პიესაში „კულტურული კოდი“-ს როლი შეასრულა ამერიკელი მწერლის გ. მელვილის რომანმა „მობი დიკ“-მა და ბიბლიურმა მოთხრობამ „იონას მოგზაურობამ“. მარი რედონეს გმირები ნაოსნობაში მიდიან და მათი მოგზაურობის ყოველი ეტაპი უძველესი რიტუალის - ინიციაციის საფეხურს შეესაბამება. მოგზაურობის დასასრულს კი მათ ვეშაპი გადაყლაპავს. მიუხედავად ამისა, სიკვდილის ზღვარზე მისულნი სხვა სამყაროში აღმოჩნდებიან. მათ ესმით მუსიკა, რომელსაც დიდხანს უიღბლოდ ეძებდნენ.
რედონე დღესაც აქტიურადაა ჩართული ფრანგულ ლიტერატურულ ცხოვრებაში.