რეკოგნოსცირება
რეკოგნოსცირება (ლათ. recognosco – განხილვა, ცოდნის მიღება) – მოწინააღმდეგისა და ადგილმდებარეობის ვიზუალური შესწავლა, პირადად მეთაურის (სარდლის) მიერ შტაბის ოფიცრების მოზიდვით გადაწყვეტილების მისაღებად ან დასაზუსტებლად საჭირო მონაცემების მოპოვების მიზნით; მეთაურის (სარდლის) იმ მუშაობის შემადგენელი ნაწილი, რომელსაც იგი ეწევა ადგილზე ბრძოლის (ოპერაციის) ორგანიზაციისათვის. ჩვეულებრივ, ეწყობა მთავარი ძალების მომავალი მოქმედების მიმართულებაზე.
რეკოგნოსცირებაში მონაწილეობენ, აგრეთვე დაქვემდებარებული, მიკუთვნებული და მხარდამჭერი ქვედანაყოფების (ნაწილების, შენაერთების) მეთაურები, ჯარების გვარეობებისა და სამსახურების, სპეციალური ჯარების უფროსები. რეკოგნოსცირება ეწყობა აგრეთვე ჯარების (ძალების) შესაძლო განლაგების რაიონების (ზღუდეების), მათი წინ წაწევის მარშრუტების შესწავლის, ტოპოგრაფიული რუკების გასწორების (შევსების) მიზნით და ა.შ. ამისათვის იქმნება სპეციალური რეკოგნოსცირების ჯგუფები.