რემა (გრამატიკა)
რემა – (ბერძნ. rhēma– ნათქვამი), წინადადების აქტუალური(არაფორმალური, ფუნქციური) დანაწევრების შედეგად მიღებული ნაწილი, რომელიც შეიცავს ახალ ინფორმაციას იმის შესახებ, რაზედაც ლაპარაკია მოცემულ შეტყობინებაში და ცნობილია მოლაპარაკე – მსმენელისათვის. ამ აზრით. რემა ზოგჯერ მოიცავს იმას, რასაც აღნიშნავს პრედიკატი, ე. ი. იმას, რაც ითქმის სუბიექტის შესახებ. მაგრამ თემა-რემული დამოკიდებულება არ ემთხვევა სუბიექტ-ობიექტის ტრადიციულად მიღებულ განსხვავებას. მაგ., წინადადებებში – „წიგნი დევს თაროზე“ და „თაროზე დევს წიგნი“ ორსავე შემთხვევაში „წიგნი“ სუბიექტია, ხოლო „დევს თაროზე“ – პრედიკატი, მაგრამ პირველ წინადადებაში „წიგნი“ არის თემა, მეორეში კი – რემა, და შესაბამისად, პირველ წინადადებაში „დევს თაროზე“ არის რემა, მეორეში კი – თემა.
ენებში თემა–რემული სტრუქტურის გამოსახატავად არსებობს როგორც უნივერსალური ენობრივი,ისე კონკრეტული ენებისათვის სპეციფიკური საშუალებები.
როგორც ახალი ინფორმაციის შემცველი შეტყობინებაში, რემა ხასიათდება კომუნიკაციური დინამიზმის უმაღლესი ხარისხით. ამ თვალსაზრისით თემა კომუნიკაციური დინამიზმის ნაკლებ ხარისხს ფლობს. ტრანსფორმაციულ გრამატიკაში რემა განისაზღვრება როგორც ყველაფერი ის, რაც არ არის თემა და მიჩნეულია სიღრმისეული სტრუქტურის ერთეულად.
ლ. ენუქიძე
ი. ქობალავა