რეტამა
რეტამა – (Retama raetam); განეკუთვნება პარკოსანთა ოჯახს. იგი წააგავს კურდღლისცოცხას, იმ განსხვავებით, რომ კურდღლისცოცხას ყვითელი ყვავილი აქვს, რეტამას – თეთრი, წითელი კენკროვანი ნაყოფით.
რეტამა – ბიბლიური მცენარე
ამ მსგავსებით აიხსნება, რომ ბიბლიის ევროპულ ენებზე თარგმნილ ტექსტებსში ეს მცენარე კურდღლისცოცხადაა მოხსენიებული, ხოლო ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტის მიერ გამოცემულ ბიბლიის ქართულ თარგმანში – ბელეკონად, რაც სრულიად გაუგებარია, რადგან ბელეკონი, იგივე ტერებინთო საკმაოდ დიდი ხეა, რეტამა კი – ბუჩქი.
საპატრიარქოს მიერ გამოცემულ ტექსტში რეტამას ეკვივალენტად მოცემულია „ერთი ბუჩქი“. ებრაული ტრადიციით ეს ბუჩქი გახლავთ რეტამა. მისი ებრაული სახელია „როთემ ჰა მედაბერ“-ი. იგი გავრცელებულია იზრაელის მთელ ტერიტორიაზე გოლანის მთიანეთიდან – მკვდარ ზღვამდე.
„თავად კი უდაბნოში გავიდა ერთი დღის სავალზე; მივიდა ერთ ბუჩქთან და მის ძირას დაჯდა. სიკვდილი ინატრა და თქვა: ახლა კი კმარა, უფალო, წაიღე ჩემი სული, რადგან ჩემს მამა-პაპაზე უკეთესი არა ვარ“. (3 მეფეთა 19, 4)