რიგოლეტო (ვერდი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რიგოლეტო − (იტალ. Rigoletto), ჯუზეპე ვერდის ოპერა სამ მოქმედებად, დაწერილია 1850—1851 წლებში.

ვერდის „რიგოლეტოს“ სახით იტალიურ ოპერაში ახალი ტიპის მუსიკალური დრამა გამოჩნდა. ოპერის პრემიერა 1851 წლის 11 მარტს შედგა ვენეციაში, პუბლიკა დიდი ოვაციებით შეხვდა სპექტაკლს. ოპერამ მოიარა იტალია და ევროპის ყველა სცენა. თუმცა კრიტიკა თავშეკავებულად შეხვდა ოპერის ახალ კონცეფციას და სტრუქტურას.

ვიქტორ ჰიუგოს რომანმა „მეფე ერთობა“ ვერდი მასხარას ტრაგიკული ისტორიით მიიზიდა. რამდენადაც ჰიუგოს დრამა აკრძალული იყო იმ პერიოდში, ცენზურა სასტიკ წინააღმდეგობას უწევდა ამ სათაურის და შინაარსის ოპერის დადგმას. კომპოზიტორმა ოპერის ლიბრეტო ფრანჩესკო პიავეს შეუკვეთა. ვერდი და პიავე ერთად მუშაობდნენ ლიბრეტოზე, ეს იყო დაუღალავი პროცესი. კომპოზიტორს და ლიბრეტისტს დღე და ღამე გასწორებული ჰქონდათ. ამასთან პარალელურად უხდებოდათ ცენზურის მოთხოვნებთან გამკლავება. ავტორები იძულებული გახდნენ, დათმობაზე წასულიყვნენ და გარკვეული დეტალები შეცვალეს. მაგალითად, საფრანგეთის მეფე მანტუის ჰერცოგად იქცა, მოქმედების დრო და ადგილი შეიცვალა, შეიცვალა მოქმედ გმირთა სახელებიც. თუმცა ვერდიმ მაინც არ დააკმაყოფილა ცენზურის აბსურდული მოთხოვნა - კუზი მოეშორებინათ რიგოლეტოსთვის.

„რიგოლეტო“ შედგება სამი მოქმედებისაგან. ის აგებულია დასრულებული ნომრებისა და გამჭოლი განვითარების სცენების მონაცვლეობაზე. მთავარი გმირებია რიგოლეტო - სასახლის მასხარა, მისი ქალიშვილი ჯილდა, ჰერცოგი, სპარაფუჩილე - ბანდიტი, რომელსაც რიგოლეტო ჰერცოგის მოკვლას შეუკვეთავს, სპარაფუჩილეს და მადალენა. ოპერაში არის ერთი გმირი, რომელიც ძალიან მოკლე მონაკვეთში ჩანს, თუმცა მისი არსებობა იგრძნობა მთელი ოპერის მანძილზე. ეს გახლავთ მონტერონე, რომელიც ოპერის დასაწყისში გამოეცხადება სასახლეში გასართობად შეკრებილ საზოგადოებას და ჰერცოგს პასუხს სთხოვს თავისი ქალიშვილის ღირსების შელახვის გამო. სწორედ აქ იკვრება კვანძი, რიგოლეტო თავის მოვალეობას ასრულებს და დასცინის გამძვინვარებულ მონტერონეს. მოხუცი წყველის მასხარას და რიგოლეტო ამ წყველის მძევალი ხდება. მას წყევლა აუხდება, ჰერცოგი მის გადამალულ ჯილდამდეც მიაღწევს. რიგოლეტოს ერთადერთი ქალიშვილი მამის მიერ შეკვეთილი მკვლელობის მსხვერპლი ხდება (შეყვარებული ჯილდა ჰერცოგის ნაცვლად იღუპება).

ოპერის ცენტრშია კუზიანი, ცხოვრებით დატანჯული მასხარას ტრაგიკული სახე. მისი სხვადასხვა თვისებათა ექსპონირება ხდება მთელი ოპერის განმავლობაში. ოპერის დასაწყისში ის სასახლის მასხარაა დამცინავი, დაუნდობელი რეპლიკებით, მომდევნო მოქმედებაში მოსიყვარულე და მზრუნველი მამა, მოგვიანებით შერცხვენილი შურისმაძიებელი და ბოლოს ტრაგიზმით სავსე შვილმოკლული გაუბედურებული ადამიანი.

ოპერის მნიშვნელოვანი პლასტი ცხოვრებისეული კონტრასტების ჩვენებაა, ბრწყინვალე მეჯლისის სცენას ჰერცოგის სასახლეში უპირისპირდება გენუის ბნელი ქუჩა, სადაც ქალაქის ღარიბი ფენა ცხოვრობს. სწორედ ამ ადგილას, პირქუშ, იდუმალ ფერებშია გადაწყვეტილი რიგოლეტოს შეხვედრა სპარაფუჩილესთან. ფაქიზი განწყობით არის გაჯერებული რიგოლეტოსა და მისი ქალიშვილის შეხვედრა.

მართალია, ოპერის მთავარი გმირი რიგოლეტოა, მაგრამ დრამის და ტრაგედიის მთავარი იმპულსი მისი ქალიშვილია. ჯილდას ცხოვრება სხვა სამყაროა, ის მოწყვეტილია რეალობას და მხოლოდ თავისი ოცნების ჭრილში აღიქვამს სინამდვილეს. ქალაქგარეთ გადამალულმა არ იცის, რომ ცხოვრება დაუნდობელი შეიძლება აღმოჩნდეს, რომ არ უნდა ენდოს პირველივე შემხვედრს. რიგოლეტო სთხოვს ჯილდას, არ გავიდეს მარტო სახლიდან და არავის დაენახოს. ეს სასჯელია ახალგაზრდა გოგონასათვის, რომელიც არ იცნობს სამყაროს. მამის უსაზღვრო სიყვარული კი იმ გალიის ნაწილია, რომელშიც ჯილდა იმყოფება. ამიტომ ღარიბი სტუდენტის სახით მოვლენილი ჰერცოგი ჯილდასთვის ხსნაა და ის თავის ილუზიურ სიყვარულს ეწირება კიდეც.

„რიგოლეტო“ მნიშვნელოვანი საფეხურია ვერდის შემოქმედებაში. ამ ოპერაში უკვე იკვეთება ნომრული სტრუქტურისა და გამჭოლი განვითარების პრინციპის სინთეზი. ნაწარმოებში მოქმედების განვითარება მხოლოდ სოლო ნომრების ხარჯზე არ ხდება. ძალიან გაიზარდა დიალოგური სცენების მნიშვნელობა, დრამატულად მღერის სტილმა შეცვალა სტერეოტიპული დუეტები ადრეული ოპერებიდან. დუეტები მნიშნელოვან როლს ასრულებს ოპერის მოქმედების განვითარებაში და ასევე გმირთა დახასიათებას ახალი შტრიხებით ავსებს.

მნიშვნელოვნად გაიზარდა ოპერაში ორკესტრის დრამატურგიული ფუნქცია. ის მოქმედების აქტიური ნაწილია და არა მხოლოდ თანხლება. ძალიან მნიშვნელოვანია ნაწარმოების ბოლო სცენაში ქარიშხლის ეპიზოდი, რომელიც არამხოლოდ ბგერწერითი მნიშვნელობისაა, არამედ ეხმიანება მოქმედ გმირთა ტრაგიკულ მდგომარეობას.


წყარო

მსოფლიო თეატრის ისტორია წიგნი III

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები