რობაქიძე დავით
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
რობაქიძე დავით − (1975), პოეტი. სწავლობდა სოფელ ჩხარის (თერჯოლა) საშუალო სკოლაში, შემდეგ დაამთავრა კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტის ლიტერატურული დაოსტატების ფაკულტეტი, ლიტერატორის სპეციალობით, ასევე − მოსე თოიძის სახელობის ლიცეუმის საეკლესიო არქიტექტურის ფაკულტეტი, ქვაზე მხატვრული მჭრელის სპეციალობით. მისი ნაწარმოებები გამოქვეყნებულია ქართული პერიოდიკის შემდეგ გამოცემებში: „საუნჯე”, „ლიტერატურული გაზეთი“, „აფრა“, „ალტერნატივა“, „ლიტერატურული პალიტრა“, „ლიტერატურული საქართველო“, „პარადოქსი“, „ნობათი“. გამოცემული აქვს წიგნები: „ქართული ანბანი“ (2015), „ერთხელ ზოოპარკში“ (2008), „რას ნიშნავს ადამიანი“ (2007). სისტემატურად მონაწილეობს პოეზიის საერთაშორისო ფესტივალებსა და მთარგმნელობით მასტერკლასებში.
- როგორ ვისწავლე ცურვა
- იმ თამაშს ერქვა მგელობანა, არ ჩანდა მწვრთნელი,
- ხელის კვრით წყალში გადამაგდეს, დამინდო მგელმა,
- აზრი არ ჰქონდა ჩაჭრას ვიდრე ვსწავლობდი ჩემით,
- ძაღლურად მოსმას, ბაყაყურად კუმშვას და ბერვას.
- მერე თანდათან შევეჩვიე ოფოფურს, ხარულს,
- გულაღმა წოლას,
- ბრუნვით ცურვას, ყვინთვას და მხარულს,
- მოვირგე ბევრი სახეობის ჩარჩო და როლი,
- ხან ვინ ჩავჭერი, ხან ვინ ჩამჭრა, ასეა ომი.
- ვისწავლე ხელის აცილება, თამაშის წესებს
- ვიცავდი, მგლობას გავურბოდი, ვერიდებოდი,
- დავტოვე წყალი, ნაპირისკენ გავყევი მწყემსებს,
- მიწაზე მძიმედ გამოსული დიდხანს ვშრებოდი.
- და მიყვარს წყალი, ვინც გამრეცხა, ამდენი ჭუჭყი
- წაიღო ჩემგან, შენიდანაც მალე წაიღებს,
- რადგან თამაშით დაფარული სიცხადე უწყი,
- გადაიკითხე კიდევ ერთხელ, თუ ვერ გაიგე.