როკოკოს სალონები
როკოკოს სალონები – საფრანგეთის სამეფო კარი ენთუზიაზმით ტოვებს ვერსალს და პარიზში ინაცვლებს, სადაც მისი წევრები ელეგანტური ქალაქური სახლების (ფრანგულად - hốtels) მშენებლობას იწყებენ. ვერსალისაზე უფრო მცირე ზომის, მაგრამ არანაკლები ფუფუნებით მორთული პარიზის დარბაზები მაღალი წრის საზოგადოების თავშეყრის ადგილად იქცა, სადაც, გონებამახვილური საუბრებითა და ელეგანტური მანერებით, არისტოკრატია გართობასა და სიამოვნებას იყო მიცემული. თუმცა, ბრწყინვალე ცხოვრების მიღმა, ხშირად, სოციალური დაუცველობა და ამბივალენტობა იმალებოდა. სალონები - თავად დარბაზის სივრცეები, და, ასევე, იქ მიმდინარე მოვლენები, ცნობილ, საკმაოდ ინტიმურ, მოდურ და ინტელექტუალურ თავყრილობებს წარმოადგენდა, სადაც მრავალფეროვანი გასართობი ღონისძიებები მცირე მასშტაბით იმეორებდა ვერსალის სამეფო კარის რიტუალებს. სალონი კვირაში ერთხელ ეწყობოდა და მას მაღალი საზოგადოების განათლებული და დახვეწილი ქალბატონები მასპინძლობდნენ. მათ შორის იყვნენ მადამ დე სტელი, დე ლა ფაეტი, დე სევინიე, დე შატლე.
როკოკოს სტილის სრულყოფილი შეფასება შეუძლებელია მხოლოდ ცალკეული ნივთების მიხედვით; ის სალონის ყოველ ელემენტში ვლინდება - კედლისა და ჭერის ოქროთი და ვერცხლით დაფერილ, დახვეწილად ნაძერწ უხვ მორთულობასა და უზადო თეთრი ფერის მდიდრულ ორნამენტებს შორის მოთავსებულ ინტიმურ და სენსუალურ სურათებში, ოსტატურად შესრულებულ ბროლის ჭაღებში, სარკეებიან კედლებში, ნატიფ ავეჯსა და მცირე პლასტიკაში. შანდლებით განათებული პარიზის სალონები, ალბათ, ერთიანად ბრწყინავდა სანთლის შუქითა და პრიალა ზედაპირებზე, მისი ალის ანარეკლებით. უდავოა, რომ პარიზულ სალონებს როკოკოს მბრწყინავ არქიტექტურულ დეტალებთან, მხატვრობასთან და სკულპტურასთან ერთად, არისტოკრატთა ენერგიულობა და ასევე, მათი ლურჯი, ვარდისფერი, მწვანე და ყვითელი პასტელური ტონების უცნაური სამოსიც აცოცხლებდა. საფრანგეთის რევოლუციის წინა წლებში ჟერმან ბოფრანის (Germain Boffrand, 1667-1754) დიზაინით შექმნილი ოტელ დე სუბისის პრინცესას სალონი (სურ. 1-2) პარიზის არისტოკრატიის ამგვარი თავყრილობების ადგილი იყო. სალონის სინატიფე და გრაციოზულობა ტიპურია 1730-იანი წლების ფრანგული როკოკოს სალონებისთვის: სტუკოთი დაძერწილი არქიტექტურული ელემენტები მრავალგვარი სკულპტურული ფორმითაა შემკული - არაბესკებით, S-ისებური, C-სებური, ვოლუტისებური თუ მცენარეული ფორმებით; ნატიფი ორნამენტით დაფარულ გაპრიალებულ იატაკზე ნაკვეთი ხის დაფები, ე.წ. boiserie-ებია ჩასმული, ინკრუსტირებულია ხის ავეჯიც; ოქროსა და ვერცხლის ბრწყინვალება თეთრ ფერსა და პასტელურ ტონებს უპირისპირდება და ეს ყოველივე სარკეებში ირეკლება.