რუმინეთ-გერმანიის ეკონომიკური ხელშეკრულება და შეთანხმება 1939-40
რუმინეთ-გერმანიის ეკონომიკური ხელშეკრულება და შეთანხმება 1939-40 – რუმინეთის სამეფოსა და გერმანიის რაიხს შორის ძირითადი ხელშეკრულება ეკონომიკურ ურთიერთობათა განვითარებისათვის, ხელი მოაწერეს 1939 წლის 23 მარტს ბუქარესტში.
ხელშეკრულება მთლიანად უმორჩილებდა რუმინეთის ეკონომიკას ჰიტლერული გერმანიის ინტერესებს. გერმანიას უფლება ეძლეოდა თავისი სამხედრო-სტრატეგიული გეგმების შესაბამისად გაეყვანა რუმინეთში საგზაო მაგისტრალები და რკინიგზები. ხელშეკრულების საიდუმლო დანართი ადგენდა გერმანიის მიერ რუმინეთის სამეფოსადმი სამხედრო მასალის მიწოდების საერთო თანხას 200-250 მლნ მარკის ოდენობით. რუმინეთის მთავრობა ვალდებულებას იღებდა, ყველანაირად წაეხალისებინა გერმანულ-რუმინული ნავთობგადამამუშავებელი კომპანიების მოღვაწეობა, მიეღო ყველა ზომა ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მოპოვება-გადამუშავების გაზრდისათვის, რომელიც ასე საჭირო იყო გერმანიისათვის ომის საწარმოებლად.
1939 წლის 23 აპრილს დადებული ხელშეკრულების განვითარების მიზნით ხელი მოაწერეს მთელ რიგ ახალ შეთანხმებებს. გერმანიის კაპიტალის მონაწილეობის შესახებ რუმინეთის სატყეო სიმდიდრის ექსპლუატაციაში (მაისი), რუმინეთ-გერმანიის სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების მიწოდების შესახებ გერმანიისათვის (ივლისი), ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მიწოდების გაზრდის შესახებ გერმანიისათვის იარაღისა და სამხედრო მასალის მიწოდების სანაცვლოდ (საიდუმლო, სექტემბერი), რუმინეთიდან გერმანიაში ნავთობპროდუქტთა მიწოდებაზე ყველა შეზღუდვის გაუქმების შესახებ (დეკემბერი).
1940 წლის მარტში ხელი მოაწერეს ნავთობის პაქტს, რომლის მიხედვითაც რუმინეთი ვალდებულებას იღებდა, გერმანიისათვის ყოველწლიურად მიეწოდებინა 6 მლნ ტონა ნავთობი, რუმინეთ-გერმანიის საიდუმლო ოქმს (21.III.1940), რომელიც მოწმობდა, რომ რუმინეთი ბევრს კარგავდა ამ მიწოდებებზე, რადგანაც ხელს იღებდა თავის საბაჟო უფლებებზე.