რუსეთ-თურქეთის ხელშეკრულებები
რუსეთ-თურქეთის ხელშეკრულებები
1720 რუსეთ-თურქეთის ხელშეკრულება (კონსტანტინოპოლის „საუკუნო ზავი“)
ხელმოწერილ იქნა 5(16) XI კონსტანტინოპოლში (სტამბოლი). მან გამოაცხადა, „საუკუნო ზავი“ ორ მხარეს შორის, რომლებმაც აიღეს ვალდებულება, არ გაეწიათ დახმარება ერთ-ერთი მათგანის მტერი ქვეყნისათვის, რუსეთმა მიიღო კონსტანტინოპოლში მუდმივი დიპლომატიური წარმომადგენლის ყოლის უფლება. თურქეთი არ იყო წინააღმდეგი, რომ საჭიროების შემთხვევაში რუსეთს ჯარები შეეყვანა პოლონეთში, იქ არსებული წყობისა და რეჩ პოსპოლიტას ტერიტორიული მთლიანობის დაცვის მიზნით. ხელშეკრულებით იკრძალებოდა ციხეების აგება აზოვსა და ჩერკასკს შორის, მდ. სამარის შესართავში, მდ. ორელსა და სამარას შორის, დასტურდებოდა რუსეთისა და თურქეთის ვაჭრების ორმხრივი უფლებები, თავისუფლად ევაჭრათ ერთმანეთის ტერიტორიებზე, რუსეთის ქვეშევრდომებს უფლება ეძლეოდათ, თურქეთის მიერ დაწესებული გადასახადების გარეშე მოეხილათ იერუსალიმის „წმინდა ადგილები“.
1724 ხელშეკრულება
ხელმოწერილ იქნა 12(23).VI კონსტანტინოპოლში, მისი ძალით თურქეთმა შეინარჩუნა 1723 წლის ბოლოსა და 1724 წლის დასაწყისში დაპყრობილი საქართველოსა და სომხეთის აღმოსავლეთი ოლქები, თავრიზის, ყაზვინისა და შემახის სახანოები. ხოლო რუსეთმა კასპიის ზღვის ის დასავლეთი და სამხრეთი პროვინციები და ქალაქები, რომლებიც მას შეუერთდა 1722 რუსეთ-ირანის ხელშეკრულების თანახმად.