რუსეთ-რუმინეთის შეთანხმებები
რუსეთ-რუმინეთის შეთანხმებები
სარჩევი |
შეთანხმება 1877
ხელმოწერილ იქნა 23.III (4.IV) ბუქარესტში. იგი შედგებოდა ორი ნაწილისაგან. პირველ ნაწილში რუმინეთის მთავრობა ვალდებულებას იღებდა, რუსეთ-თურქეთის ომის შემთხვევაში უზრუნველეყო თავის ტერიტორიაზე რუსეთის არმიის თავისუფალი გადაადგილება. რუსეთი, თავის მხრივ, აღიარებდა რუმინეთის პოლიტიკურ დამოუკიდებლობას და პირობას დებდა, დაეცვა მისი ტერიტორიული მთლიანობა. შეთანხმების მეორე ნაწილში დეტალურად იყო რეგლამენტირებული რუსეთის არმიის რუმინეთის ტერიტორიაზე გადაადგილების პირობები.
შეთანხმებით, რუსეთმა ცნო რუმინეთის სუვერენიტეტი. უშუალოდ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ რუსეთმა გაწყვიტა ურთიერთობა თურქეთთან და აღიარა რუმინეთის დამოუკიდებლობა (9 (21). V. 1877). რუმინელი ხალხის სწრაფვა დამოუკიდებლობისაკენ დაადასტურა 1878 ბერლინის კონგრესმა. 1877-78 რუსეთ-თურქეთის ომის დროს რუმინეთმა რუსეთის მხარე დაიჭირა.
შეთანხმება 1882
ხელმოწერილ იქნა 21.IV. (3.V) პეტერბურგში. შეთანხმება ითვალისწინებდა რუსეთ-თურქეთის 1877-78 ომის შემდეგ რუსეთსა და რუმინეთს შორის ფინანსურ საკითხზე წარმოშობილ დავის მოგვარებას. შეთანხმებით, მხარეებმა უარი თქვეს ერთმანეთის მიმართ წაყენებულ ყოველგვარ პრეტენზიაზე.
შეთანხმება 1914
დადებულ იქნა 18 (30). IX ნოტათა გაცვლის საფუძველზე. შეთანხმების, პირველი მსოფლიო ომის დროს, რუმინეთი იკავებდა რუსეთთან მიმართებაში ნეიტრალიტეტს. რუსეთი, თავის მხრივ, ვალდებულებას იღებდა, აღეკვეთა რუმინეთის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის ყოველგვარი გამოვლენა. რუსეთის მხარე თანახმა იყო, რუმინეთს შემოეერთებინა ავსტრია-უნგრეთის მონარქიის ის მიწები, სადაც ისტორიულად ცხოვრობდნენ რუმინელები.