რუსუდანი (დემეტრე I-ის ასული)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რუსუდანი – XII საუკუნის საქართველოს ერთ-ერთი გავლენიანი სახელმწიფო მოღვაწე, დედოფალი და დიპლომატი; დემეტრე I-ის ასული და თამარ მეფის გამზრდელი მამიდა.

ირანის სულთან მასუდზე გათხოვებისა და მალე დაქვრივების შემდეგ საქართველოში დაბრუნებული დედოფალი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურად მონაწილეობს. გიორგი III-ის გარდაცვალების ახლო ხანებში იგი ბაგრატიონთა სახლის ყველაზე გავლენიანი პირია. ქ. ანისის გამო გიორგი III-სა და მაჰმადიანებს შორის მწვავე დაპირისპირების პირობებში საქართველოს მეფემ ქალაქი შედადიანთა გვარის შვილს – არსლანს დაუბრუნა, სამაგიეროდ, არსლანმა თავი მეფე გიორგის ყმად აღიარა. ამან საქართველოს ძალზე საჭირო შესვენების საშუალება მისცა, რაც ქართული დიპლომატიის წარმატებად უნდა შეფასდეს – ამ საქმის ორგანიზებაში მნიშვნელოვანი სიტყვა რუსუდან დედოფალმა თქვა. კერძოდ, დაახლოებით 1165 იგი ელდიგუზ ათაბაგთან დიპლომატიურ მისიას ხელმძღვანელობს, რასაც ზავი და საქართველოს პოლიტიკური ძლიერების შენარჩუნება მოჰყვა. რუსუდან დედოფლის დიპლომატიური ნიჭი შემდეგშიც არაერთხელ გამოვლინდა.

1184, თამარის მეორე კურთხევისა და შინააშლილობის ჟამს, რუსუდანი გვერდში უდგას მეფეს და სამეფო ხელისუფლებასა და დიდგვარიანთა შორის მიმდინარე რთულ მოლაპარაკებებს ხელმძღვანელობს. თამარის საქმროს – იური ანდრიას ძის შერჩევის საკითხში რუსუდანი გადამწყვეტ სიტყვას ამბობს, თუმცა მისი შეუფერებლობის გამო, თვითონვე უზრუნველყო მისი საქართველოდან გაძევება.

რუსუდანის აღზრდილია დავით სოსლანიც. თამართან მისი შეუღლების ინიციატორიც თვითონვე იქნებოდა. რუსუდანი მონაწილეობას იღებს წარმატებულ მოლაპარაკებაში. რომელიც დაახლოებით 1195 საქართველოსა და შარვანშაჰ აღსართანსა და მის სიძეს – ირანის აზერბაიჯანის გარკვეული ნაწილის მფლობელ ამირ-მირმანს შორის მიმდინარეობდა.


წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები