რუხი ფრანგული რენეტი
რუხი ფრანგული რენეტი – (Reinette du grise.) რუხი ფრანგული რენეტი ვაშლის ევროპული ჯიშია. როგორც თვით სახელწოდება მოწმობს იგი საფრანგეთიდან არის შემოტანილი. ჯერ კიდევ მე-XVI საუკუნეში იყო ცნობილი ევროპაში.
საქართველოში რუხი ფრანგული რენეტი გავრცელდა სხვა ევროპულ ჯიშებთან ერთად, ნაცარა ვაშლის სახელწოდებით. რუხი ფრანგული რენეტი მეტად გავრცელებულია დასავლეთ საქართველოში და საერთოდ შავი ზღვის სანაპიროზე. საქართველოს სხვა რაიონებში ეს ჯიში თითო–ოროლა ხე თუ გვხვდება. რუხი ფრანგული რენეტი და პეპინ პარკერი, რომელიც აგრეთვე დასავლეთ საქართველოშია ფართოდ გავრცელებული, ძლიერ წააგავს ერთიმეორეს. მათი ერთი მეორესაგან განსხვავება შეიძლება შემდეგით: რუხი ფრანგული რენეტი უფრო მსხვილია, უფრო მკვრივი ხორცი აქვს და ნაყოფი ინახება საწყობში შუაგულ ზამთრამდე.
პეპინ პარკერი კი შედარებით პირველთან წვრილია და ბაცი რუხი ფერისაა, ნაყოფი საწყობში ინახება ნოემბერ–დეკემბრამდე.
რუხი ფრანგული რენეტის ნაყოფი მსხვილია, მობრტყო–მომრგვალო ფორმის.
ჯამი დახურული აქვს. ჯამფურცლები განიერ–წაწვეტებული. ჯამის ღრუ საკმაოდ ღრმაა და განიერი, დანაოჭებული კედლებით.
ნაყოფის ყუნწი მოკლეა, იგი ღრმა და ვიწრო ღრუში ზის.
ნაყოფის კანი სქელია მომწვანო რუხი ფერით, მთლიანად დაფარულია ჟანგაროთი. კანქვეშა მორუხო თეთრი წერტილები ნაკლებად ემჩნევა.
ნაყოფის ხორცი მომწვანო–ყვითელი ფერისაა, ფხვიერი და წიწვიანი, სურნელება ნაკლებად ემჩნევა. გემო მოტკბო, მჟავე, სასიამოვნო აქვს. ნაყოფის ხარისხიანობა ბევრად დამოკიდებულია ნაყოფის მოკრეფის დროზე. ადრე მოკრეფილი ნაყოფი საწობში შენახვისას ჭკნება და არ ინვითარებს სათანადო გემოს.
ნაყოფი მწიფდება ნოემბერში და ინახება აპრილამდე, ხე ხასიათდება ზომიერი ზრდით. ინვითარებს მომრგვალო ბრტყელ გადაშლილ ვარჯს. კარგად გვარობს ჭარბტენიან ჰავის პირობებში და ადვილად არ ავადდება სოკოვან ავადმყოფობით.
ნაყოფს ძლიერ აზიანებს ნაყოფჭამია. დასავლეთ საქართველოს რაიონებისათვის რუხი ფრანგული რენეტი შეტანილია სამრეწველო ასორტიმენტში.