რუხლოყება მურტალა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რუხლოყება მურტალა (ლათ. Podiceps griseigena Boddaert, 1783) – საშუალო ზომის ფრინველია, ფრთა 150-210 მმ-ია, ნისკარტი – 50-58 მმ, წონა – 600-700 გ. სიდიდესა და შეფერილობაში სქესთა შორის განსხვავება არაა. ზაფხულში თავი და კისერი ზემოდან შავი აქვს. კეფასა და კისრის უკანა ნაწილში ბუმბულები წაგრძელებულია. თვალების ქვეშ და ყურების უკან აქვს თეთრი ზოლები. თავის გვერდები, ნიკაპი და ყელი რუხია; კისერი წინიდან და ჩიჩახვი – ქარცი.
რუხლოყება მურტალა
დანარჩენი ქვემო მხარე თეთრია, სხეულის გვერდები კი მორუხო-მურა ფერისაა. ფრთის ზედა მფარავები და მომქნევები მოშავოა, მაგრამ მეორე რიგის მომქნევების ნაწილი თეთრია. ზამთარში ზურგის მხარე მუქი მორუხო ფერისაა. კისერი წინიდან და გვერდებიდან, აგრეთვე სხეულის გვერდები მოწაბლისფროა. დანარჩენი ქვემო მხარე – თეთრი. ნისკარტი შავია, მაგრამ ძირში მოყვითალო.

გალო გარეთა მხრიდან და გარეთა თითი შავია, ხოლო დანარჩენი თითები და გალო შიგნიდან – მოყვითალო-მურა.

ცნობილია 2 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება დასავლური რუხლოყება მურტალა – P. g. griseigena Bodd., 1783.

სარჩევი

გავრცელება

სახეობის ბუდობის არეალი მოიცავს ევროპის უდიდეს ნაწილს, დასავლეთ ციმბირს, აღმოსავლეთ ციმბირს (შუა ციმბირში არაა), აგრეთვე კანადის უმეტეს ნაწილს. ევროპასა და დასავლეთ ციმბირში ჩრდილოეთი საზღვარი გადის არხანგელსკსა და უფაზე, ხოლო აღმოსავლეთ ციმბირში – მდ. კოლიმის შესართავთან. სამხრეთი საზღვარია ამიერკავკასია, ურალისა და სირ-დარიის ქვემო დინებები, ამურის ზემო დინება და უსურის აუზი. ზამთრობს კასპიისა და შავი ზღვებზე, აგრეთვე ინგლისის, ჩრდილოეთი აფრიკის, იაპონიისა და აშშ-ის ოკეანეებისა და ზღვების სანაპიროებზე. საქართველოში მობინადრეა.

ბიოტოპი

ბუდობის პერიოდში ეტანება წყლის მცენარეულობით მდიდარ მტკნარ წყალსატევებს. სხვა დროს მოიპოვება ზღვებსა და მდინარეთა შესართავებშიც.

გამრავლება

მონოგამიური ფრინველია. ბუდობს მეტწილად კოლონიებად. მაისის მეორე ნახევარში ლელისა და სხვა წყლის მცენარეებისაგან აკეთებს ბუდეს წყალზე. კვერცხების რაოდენობა მერყეობს 3-დან 6-მდე. კრუხად მორიგეობით ჯდება ორივე მშობელი. საინკუბაციო პერიოდი 23 დღეს გრძელდება.

კვება

ბუდობის პერიოდში იკვებება წვრილი თევზებით, ბაყაყებით და უხერხემლო ცხოველებით – მოლუსკებით, მწერებით და სხვ. ნაწილობრივ ჭამს წყლის მცენარეთა თესლებსა და მწვანე ნაწილებს. ზამთრის საკვებს შეადგენენ წვრილი თევზები და კიბოსნაირები.

მნიშვნელობა

დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა არა აქვს.


წყარო

საქართველოს ფრინველების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები