საბერძნეთ-თურქეთის ხელშეკრულებები
საბერძნეთ-თურქეთის ხელშეკრულებები – XX ს. 30-იან წლებში საბერძნეთსა და თურქეთს შორის დაიწყო მანამდე მწვავე ურთიერთობების გაუმჯობესება. 30.X.1930 საბერძნეთმა და თურქეთმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომელიც ითვალისწინებდა მათ ვალდებულებას, არ დაედოთ ერთმანეთის წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკური და ეკონომიკური შეთანხმებები და დაეცვათ ნეიტრალიტეტი ერთ-ერთ მხარეზე თავდასხმის შემთხვევაში.
24.IX.1933 ანკარაში ხელმოწერილ იქნა საბერძნეთ-თურქეთის ხელშეკრულება „გულითად თანხმობაზე“, რომლითაც მხარეები საერთო საზღვრების ხელშეუხებლობის გარანტიას იძლეოდნენ. ისინი შეთანხმდნენ, ჩაეტარებინათ ერთმანეთში კონსულტაციები მათთვის საინტერესო საერთაშორისო საკითხებზე. 27.VI.1938 ბალკანეთისკენ გერმანიის წინსვლით შეშფოთებულმა საბერძნეთმა და თურქეთმა ათენში ხელი მოაწერეს „დამატებით ხელშეკრულებას“ და აიღეს ვალდებულება, რომ დაიცავდნენ შეიარაღებულ ნეიტრალიტეტს, თუ ერთ-ერთ მხარეს თავს დაესხმოდა ერთი ან რამდენიმე სახელმწიფო. იმავდროულად 10 წლით გაგრძელდა ყველა წინამორბედი პოლიტიკური ხელშეკრულება ორ ქვეყანას შორის. დამატებითი, 1939 ინგლის-საფრანგეთ-თურქეთის ხელშეკრულების შესაბამისად, თურქეთმა იკისრა ვალდებულება. გამოსულიყო ინგლისის და საფრანგეთის მხარეზე, თუკი ხმელთაშუა ზღვის აუზში დაიწყებოდა სამხედრო მოქმედებები. და სახელდობრ, თუ ინგლისი და საფრანგეთი საბერძნეთისადმი და რუმინეთისადმი მიცემული გარანტიების შესაბამისად დაიწყებდნენ სამხედრო მოქმედებებს. საბერძნეთი-თურქეთის დაახლოება შეწყვიტა მეორე მსოფლიო ომმა, თურქეთმა არ აღმოუჩინა დახმარება საბერძნეთს, რომელსაც თავს დაესხნენ იტალია (1940 წლის ოქტომბერი) და გერმანია (1941 წლის აპრილი).
18.VI.1941 თურქეთმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას გერმანიასთან ტერიტორიული ხელშეუხებლობისა და მეგობრობის თაობაზე. ახალი ეტაპი საბერძნეთ-თურქეთის დაახლოებისა დაიწყო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ამას ხელს უწყობდა ის, რომ ორივე ქვეყანაზე გავრცელდა „თურქეთის დოქტრინა“ და რომ ისინი 1952 შევიდნენ ნატოში, 2811.1953 ანკარაში დაიდო საბერძნეთ-თურქეთ-იუგოსლავიის ხელშეკრულება მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ, ხოლო 9.VIII. 1954 ბლედში (იუგოსლავია) იმავე სამ ქვეყანას შორის დაიდო ხელშეკრულება კავშირის, პოლიტიკური თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ. საბერძნეთ-თურქეთის ურთიერთობა გაამწვავა კვიპროსის საკითხმა.