საბო იშტვან
იშტვან საბო – (დაიბადა 1938 წლის 18 თებერვალს, ბუდაპეშტი, უნგრეთი) – უნგრელი კინორეჟისორი, სცენარისტი და მწერალი. ევროპული კინოაკადემიის ერთ-ერთი წევრი და დამაარსებელი.
სწავლობდა ბუდაპეშტის თეატრისა და კინოს ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტზე. მისი სადიპლომო ფილმი „კონცერტი” წარმატებით უჩვენეს რამდენიმე საერთაშორისო კინოფესტივალზე. მიღებული აქვს სხვადასხვა ნომინაციის პრესტიჟული ჯილდო.
იშტვან საბო 1960-იანი წლებიდან ითვლება უნგრული კინოს ერთ-ერთ გამორჩეულ წარმომადგენლად. მისი კინოსურათები, შექმნილი ევროპული საავტორო ფილმების საუკეთესო ტრადიციებით, მოიცავენ ცენტრალური ევროპის უახლესი ისტორიის სოციალურ, პოლიტიკურ და ფსიქოლოგიურ რეალიებსა და კონფლიქტებს.
საერთაშორისო წარმატების პიკს მიაღწია ფილმ „მეფისტოს” წყალობით, რომელიც 1981 წელს დაჯილდოვდა პრემია „ოსკარით” საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში
ფილმოგრაფია და ჯილდოები:
- 1966 –„მამა” (მოსკოვის სკფ, მთავარი პრიზი)
- 1970 – „ფილმი სიყვარულზე”
- 1976 – „ბუდაპეშტური ზღაპრები”
- 1980 – „ნდობა” (ბერლინის სკფ, „ვერცხლის დათვი” საუკეთესო რეჟისორული ნამუშევრისთვის, საერთაშორისო ევანგელისტური ჟიურის პრემია)
- 1981 – „მეფისტო” (კანის სკფ, „ოქროს პალმის რტო” საუკეთესო სცენარისთვის, კინოკრიტიკოსების საერთაშორისო ასოციაციის (ფიპრესი) პრიზი; „ოსკარი” საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისთვის)
- 1985 – „პოლკოვნიკი რედლი” (კანის სკფ, ჟიურის პრიზი; ბრიტანული კინოაკადემიის პრემია BAFTA საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისთვის)
- 1988 – „ჰანუსენი”
- 1991 – „შეხვედრა ვენერასთან”
- 1992 – „საყვარელი ემა, ძვირფასი ბიობე” (ევროპული კინოაკადემიის პრემია სცენარისტის საუკეთესო ნამუშევრისთვის; ბერლინის სკფ, ჟიურის სპეციალური პრიზი – „ვერცხლის დათვი”, ეკუმენური ჟიურის პრიზი)
- 1999 – „მზის სინათლის გემო” (ევროპული კინოაკადემიის პრემია სცენარისტის საუკეთესო ნამუშევრისთვის)
- 2001 – „მხარეთა აზრი”
- 2004 – „თეატრი”
- 2011 – „კარი”
და სხვ.