საბჭოთა კავშირ-გფრ ხელშეკრულება 1970
საბჭოთა კავშირ-გფრ ხელშეკრულება 1970 – (მოსკოვის ხელშეკრულება), ხელი მოაწერეს 12.VIII მოსკოვში, ძალაში შევიდა 3.VI.1972. სსრკ-მა და გფრ-მ განაცხადეს, რომ საერთაშორისო მშვიდობის შენარჩუნებას და საერთაშორისო დაძაბულობის შენელებას თავისი პოლიტიკის უმნიშვნელოვანეს მიზნებად მიიჩნევენ. გამოხატეს მისწრაფება, ხელი შეეწყოთ ევროპაში ვითარების ნორმალიზაციისა და ევროპის ყველა სახელმწიფოს შორის მშვიდობიანი ურთიერთობის განვითარებისათვის. ხელშეკრულების მონაწილეებმა გამოაცხადეს, რომ ორმხრივ ურთიერთობებში, ასევე ევროპული და საერთაშორისო ურთიერთობების უზრუნველყოფის საკითხებში იხელმძღვანელებდნენ გაეროს წესდების პრინციპებით და ამის შესაბამისად. სადავო საკითხებს გადაწყვეტდნენ მხოლოდ მშვიდობიანი გზით იკისრეს ვალდებულება, თავი შეეკავებინათ ძალის მუქარის ან ძალის გამოყენებისაგან. ხელშეკრულებამ დააფიქსირა, რომ სსრკ და გფრ ევროპაში მშვიდობის შენარჩუნების ერთადერთ გარანტად მიიჩნევენ „თანამედროვე საზღვრების ხელშეუხებლობას“. მხარეებმა იკისრეს, დაეცვათ ყველა ევროპული სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობა არსებულ საზღვრებში. მოლაპარაკებების დროს, რომელიც წინ უძღოდა ხელშეკრულების ხელმოწერას, მიაღწიეს შეთანხმებას, ერთის მხრივ, გფრ-სა და, მეორე მხრივ, გდრ-ს, პოლონეთის სახალხო რესპუბლიკასა და ჩეხოსლოვაკიის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას შორის ხელშეკრულების დადების, გდრ-ისა და გფრ-ის გაეროში შესვლის, ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის თათბირის მოწვევის შესახებ.