საგარეო საქმეთა კოლეგია (რუსეთის)
საგარეო საქმეთა კოლეგია – უწყება, რომელიც დაკავებული იყო რუსეთის საგარეო პოლიტიკით 1717-1802. თავდაპირველად მას საელჩო კანცელარია ეწოდებოდა. 1720 წლის თებერვალში პეტრე I-მა შეადგინა კოლეგიის „განსაზღვრება“, ხოლი 1720 წლის აპრილში მისთვის გამოიცა „ინსტრუქცია“. ორივე დოკუმენტმა დაასრულა კოლეგიის ორგანიზება. მას სათავეში ჩაუდგნენ პრეზიდენტი და მისი მოადგილე. კოლეგიის წევრები იყვნენ საიდუმლო კანცელარიის მრჩეველი, კანცელარიის მრჩეველი და ასესორები (ჩვეულებრივ ისინი ორნი იყვნენ). მრჩევლები და ასესორები ადგენდნენ ყველაზე მნიშვნელოვან დიპლომატიურ დოკუმენტებს და აკონტროლებდნენ მდივნების საქმიანობას, რომლებიც, თავის მხრივ, მეთაურობდნენ განყოფილებებს („ექსპედიციებს“). კოლეგიაში ორი განყოფილება იყო: „პოლიტიკური დეპარტამენტი“ (სხვაგვარად „საიდუმლო ექსპედიცია“) და „საჯარო ექსპედიცია“. „საიდუმლო ექსპედიცია“ 4 ექსპედიციად იყოფოდა. პირველი მათგანი განაგებდა რუსეთში უცხოელ დიპლომატთა მიღებას და გაწვევას, რუს დიპლომატთა გაგზავნას საზღვარგარეთ დიპლომატიურ მიმოწერას, საქმის წარმოებას, ოქმების შედგენას და სხვა. მეორე ექსპედიცია საქმისწარმოებას ახორციელებდა დასავლეთევროპულ ენებზე, მესამე – პოლონურ ენაზე. მეოთხე ანუ „ორიენტალური“ – აღმოსავლურ ენებზე, თითოეული ექსპედიციის სათავეში იდგა მდივანი. „საჯარო ექსპედიცია“ განაგებდა სამეურნეო და საფოსტო საქმეებს. ასევე სასაზღვრო გარეუბნებში მცხოვრებ ხალხთა საქმეებს, კოლეგიას სათავეში ედგნენ რუსი დიპლომატები: გ. ი. გოლოვკინი, ა. ი. ოსტერმანი, ა. პ. ბესტუჟევ-რიუმინი, მ. ი. ვორონცოვი, ნ. ი. პანინი და სხვანი. უცხოეთში რუსეთის დიპლომატიურ წარმომადგენლობათა გაფართოების შედეგად 70-იან წლებში კოლეგიაში შეიქმნა ე.წ. „ცერემონიული დეპარტამენტი“. 1796 „საიდუმლო ექსპედიციაში“ შეიქმნა აზიის საქმეთა საგანგებო დეპარტამენტი. 1602 საგარეო საქმეთა სამინისტროს შექმნის შემდეგ კოლეგია მინისტრს დაემორჩილა. სამინისტროს შემადგენლობაში იარსება 1832-მდე.