სადიაცო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სადიაცო

სადიაცო - ხევსური ქალის კაბა. მზადდებოდა ადგილობრივი ტოლისაგან. სადიაცო ორი ნაირსახებისა იყო. .. „გლუ“ და „კალთა მაკერებული“. ამ უკანასკნელს „თიკვ-ჩოხა“-საც უწოდებდბენ. მას უბიდან ქვემოთ ორი ფერის ოთხკუთხი თიკვი კალთები აქვს მოკერებული.

სარჩევი

 [დამალვა
აღწერილობა

სადიაცოს აქვს უბე-კალთა და ზურგნი. გვერდებში აზღოტები. კაბის სიგრძეს კოჭებამდე აგრძელებს ქოქომონი. სადიაცოს გულისპირი მარცხნივაა ჩაჭრილი, მარჯვნივ დარჩენილ ნაწილს „ფარაგა“ ეწოდება და იკვრება ღილ-შატით. საკინძის ჩაყოლებაზე ნაქარგს „ზიკი“ და „სამწყვეტლო“ ჰქვია. მათ გარშემო შემოუყვება ზოლებად ნაქსოვი ჭრელა. სადიაცოს დიდი ნაწილი მოქარგულია შალის ფერადი ძაფებით და დაკრული აქვს ვერცხლის სამკაული.

თარგი

სადიაცო, ისევე როგორც ხევსურული ტალავრის სხვა ძირითადი ელემენტაბი ბეჭებშჭი არის აჭრილი, მას მთლიანად სწორი ტოლიდან კერავდნენ. სადიაცო ტოლს შუაზე გადაკეცავდნენ, ბოლოდან სახელოებამდე, „აზლოტებს“ ჩაუგდებდნენ . „სახლებს“ მიაკერებდნენ და შეღებავდნენ. შეღებილ სადიაცოს გულს ამოუჭრიდნენ. ამისათვის სადიაცოს სახელოდან გადაზომავდნენ ორ მტკაველს მარჯვნივ, ერთ მკაველს მარცხნივ და მათ შუა ერთ მტკაველსა და ოთხი თითის დადებაზე ჩაჭრიდნენ გრძლად. საყელთ-სამართს ერთი ღვინჭის ზომაზე შეხსნიდნენ, ხოლო უკან „საქედურს“ ამოჭრიდნენ.


ფარაგი

განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა სადიაცოს ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტის ფარაგის გაწყობას. ფარაგის ნაწილებია - „საყელთ-სამართი“, „სამწყვეტლო“, „ჭრელანი“ , „ზიკი“, „კანჭპირი“. სადიაცოს ფარაგი მდიდრული ორნამენტით უნდა ყოფილიყო შემკული. ის უნდა დაემშვენებინა ორნამენტის ისეთ სახეებს, როგორიცაა „კვერანი“, „ხატნი“, „კუთხანი“, „აკუშურა“, „თვალა“, „კბილა“, და ნაქარგობის სხვა ელემენტები. ნაქარგობის ამ ელემენტებთან ერთად ფარაგს ვერცხლის ფულით, მძივ-ღილითა და ვერცხლის სამკაულითაც მოსავდნენ. ხევსურ დიაცს, რომელსაც ძმა ან ძმის წული ცოცხალი ჰყავდა უფრო მდიდრულად ჰქონდა მორთული. ძმის სიკვდილის შემთხვევაში დიაცი ფარაგიდან სამკაულებს აიყრიდა. მგლოვიარე ქალი სადიაცოს ფარაგზე მჩვარს დაიკერებდა შვილსა და ქმარზე არ იცოდნენ სამგლოვიაროს ჩაცმა, არც მამაკაცი იცვამდა სამგლოვიაროს ცოლის გარდაცვალების შემთხვევაში. გაუთხოვარი ქალი ფარაგს არ გაიხსნიდა. მხოლოდ პირმშოს შეძენისას შეიხსნიდა ფარაგს ხევსური მანდილოსანი. უშვილო დედაკაცი ისე დაბერდებოდა, რომ ნიადაგ ფარაგდახშული რჩებოდა.

სადიაცო ხევსური ქალის „სანამუსო“ სამოსი იყო და შვილის გაჩენამდე გულისპირი გაუხსნელი უნდა ყოფილიყო.

ლიტერატურა

ლ ბოჭორიშვილი, ხევსურული ტალავარი, მსე, ტ VII 1956. ც.ბ.

წყარო

  • ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი
  • ლ. მოლოდინი, გ. ჩაჩაშვილი, ქართული კოსტიუმის კატალოგი I ხევსურული, თბილისი-1964
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები