საერთაშორისო-სამართლებრივი ცნობა
საერთაშორისო-სამართლებრივი ცნობა – სახელმწიფოს ცალმხრივი ნებაყოფლობითი აქტი, რომლითაც იგი აკეთებს განაცხადს ახლად შექმნილ სახელმწიფოსთან ოფიციალური ან არაოფიციალური, სრული ან არასრული, მუდმივი ან დროებითი ურთიერთობების დამყარების შესახებ.
არსებობს საერთაშორისო-სამართლებრივი ცნობის ორის თეორია: კონსტიტუტიური და დეკლარატიული. დეკლარატიული თეორიის თანახმად, სახელმწიფო ხდება საერთაშორისო სამართლის სუბიექტი წარმოშობის მომენტიდან. ცნობა არ ანიჭებს მას საერთაშორისო სამართალსუბიექტურობას, არამედ ხელს უწყობს ახალი სახელმწიფოს შესვლას საერთაშორისო ურთიერთობებში, ხოლო კონსტიტუტიური თეორიის თანახმად, სახელმწიფოს წარმოშობა არ არის საერთაშორისო სამართლის სუბიექტის წარმოშობის ტოლფასი, მხოლოდ აღიარება ანიჭებს მას საერთაშორისო სამართალსუბიექტურობას, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი მოკლებულია უფლებას, გახდეს საერთაშორისო ურთიერთობის სრულუფლებიანი წევრი.
არსებობს საერთაშორისო-სამართლებრივი ცნობის ორი ფორმა: დე-ფაქტო (de facto), დე-იურე (de-jure). რომლებიც განსხვავდება ერთმანეთისაგან სამართლებრივი შედეგების მიხედვით. პირველ შემთხვევაში სახელმწიფოს (მთავრობას) ცნობენ როგორც ფაქტობრივად არსებულს, მაგრამ არ ამყარებენ მასთან დიპლომატიურ და ზოგჯერ საკონსულო ურთიერთობებსაც კი. დე-იურე არის სრული და საბოლოო აღიარება, რის შედეგადაც მყარდება სტაბილური ურთიერთობები ყველა აქედან გამომდინარე შედეგით, ასევე დიპლომატიური ურთიერთობები, რაც თავისთავად ნიშნავს აღიარებას დე-იურე.
გარკვეულ შემთხვევებში სახელმწიფოები (მთავრობები) ამყარებენ ოფიციალურ კონტაქტებს მხოლოდ კონკრეტული საკითხების გადასაწყვეტად, მაგრამ ამასთან არ სურთ ერთმანეთის ცნობა. ასეთ დროს ადგილი აქვს აღიარებას ad hoc (ამ შემთხვევაში, კონკრეტული საქმის გამო), რომლის მიზანი შეიძლება იყოს მხოლოდ საერთაშორისო ხელშეკრულების დადება. თუმცა ცნობის უქონლობამ გავლენა არ უნდა მოახდინოს ხელშეკრულების იურიდიულ ძალაზე. განასხვავებენ საერთაშორისო-სამართლებრივი ცნობის ტრადიციულ (სახელმწიფოსა და მთავრობის) და წინასწარ ან პერიოდულ (ერის, მეამბოხე და მეომარი მხარის, წინააღმდეგობის ორგანიზაციის, მიგრაციაში მყოფი მთავრობის) ფორმებს. ცნობის წინასწარი ფორმა გამოიყენება მოვლენათა შემდგომი განვითარების მოლოდინში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ახალი სახელმწიფოს შექმნა (ერის ცნობის დროს) ან მდგომარეობის სტაბილიზაცია ქვეყანაში, სადაც ახალი მთავრობის ხელისუფლება დადგენილ იქნა არაკონსტიტუციური გზით.