საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მე-11 სესიის მონაწილეები. ბერლინი, 1909 წელი

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი (სოკ-ი) - წარმოადგენს განუსაზღვრელი ვადით მოქმედ საერთაშორისო არასამთავრობო და არაკომერციულ ორგანიზაციას, რომელსაც აქვს იურიდიული პირის სტატუსი და რომელიც აღიარებულია შვეიცარიის ფედერალური საბჭოს მიერ, 2000 წლის 1 ნოემბერს ძალაში შესული ხელშეკრულების თანახმად. სოკის მიზანს წარმოადგენს ოლიმპიური ქარტიით განსაზღვრული დანიშნულების, როლისა და ვალდებულებების შესრულება. სოკ-ის შტაბ-ბინა მდებარეობს ლოზანაში (შვეიცარია), ოლიმპიურ დედაქალაქში.

სარჩევი

ისტორია

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის კონგრესის დელეგატები. პარიზი, 1914 წელი

სოკ-ი შეიქმნა 1894 წლის 23 ივნისს პიერ დე კუბერტენის ინიციატივით გამართულ პარიზის საერთაშორისო კონგრესზე. სოკ-ის პირველ შემადგენლობაში შევიდნენ არგენტინის, ბელგიის, ბოჰემიის, დიდი ბრიტანეთის, უნგრეთის, საბერძნეთის, იტალიის, ახალი ზელანდიის, რუსეთის, აშშ-ის, საფრანგეთისა და შვედეთის წარმომადგენლები. პირველ პრეზიდენტად აირჩიეს ბერძენი მწერალი და ფილოლოგი დემეტრიოს ვიკელასი, პირველ გენერალურ მდივნად - ფრანგი პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე ბარონი პიერ დე კუბერტენი. სოკ-ის დამ ფუძნებელ წევრებად ითვლებიან: ბარონი პიერ დე კუბერტენი (საფრანგეთი), პროფესორი უ. სლოუნი (აშშ), ლორდი ამპტჰილი (დიდი ბრიტანეთი), ანდრიის თავადი კარაფა (იტალია), გრაფი მ. დე ბუზი (ბელგია), ი. გუტ-იარკოვსკი (ბოჰემია), დ. ვიკელასი (საბერძნეთი), გენერალი ა. დ. ბუტოვსკი (რუსეთი), გენერალი ვ. ბალკი (შვედეთი), დოქტორი ხ. ბ. სუბიაური (არგენტინა), ლ. ა. კაფი (ახალი ზელანდია), ფ. კემენი (უნგრეთი), ე. კალო (საფრანგეთი), ჩ. ჰერბერტი (დიდი ბრიტანეთი), გრაფი ლუკეზე პალი (იტალია), ვ. გებჰარდი (გერმანია).

ოლიმპიური ქარტია

სოკ-ის საწესდებო დოკუმენტია ოლიმპიური ქარტია, რომლის თანახმად, სოკ-ი მოწოდებულია ხელი შეუწყოს ოლიმპიური მოძრაობის განვითარებას და პოპულარიზაციას, ოლიმპიზმის იდეებისა და პრინციპების გავრცელებას, ახალგაზრდობის აღზრდას ურთიერთპატივისცემისა და მეგობრობის სულისკვეთებით, ხალხთა შორის ურთიერთგაგების, კეთილი ნების, სოლიდარობის განმტკიცებას.

სოკ-ი, როგორც უმაღლესი ოლიმპიური ინსტანცია, იღებს გადაწყვეტილებებს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების (ეოკ) და სპორტის სახეობათა საერთაშორისო ფედერაციების (სსფ) აღიარების (ცნობის) შესახებ, განსაზღვრავს ზაფხულისა და ზამთრის თამაშების პროგრამებს, ირჩევს თამაშების მასპინძელ ქალაქს, აწესებს და ანიჭებს ოლიმპიურ ჯილდოებს. იგი გადამწყვეტ და საბოლოო სიტყვას ამბობს ოლიმპიური თამაშების მომზადებასთან და ჩატარებასთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე. სოკ-ი თავის წევრებად ირჩევს კვალიფიციურ და ავტორიტეტიან პიროვნებებს. ერთი ქვეყნიდან ირჩევენ ერთ წევრს, მაგრამ სოკ-ს შეუძლია გამონაკლისი დაუშვას ოლიმპიური თამაშების მასპინძელი ქვეყნისთვის. სოკ-ის წევრები შეადგენენ სოკ-ის სესიას, ამავე დრო წარმოადგენენ მას თავიანთ ქვეყნებში.

ახალმიღებული წევრები სპეციალურ ცერემონიალზე დებენ ფიცს და იღებენ ვალდებულებას, რომ პატივს სცემენ ოლიმპიური ქარტიისა და სოკ-ის დებულებებს და უზრუნველყოფენ მათ შესრულებას, თავისუფალი იქნებიან ნებისმიერი პოლიტიკური თუ კომერციული გავლენისგან, რასობრივი და რელიგიური შეხედულებებისაგან და იმოქმედებენ ოლიმპიური მოძრაობის ინტერესების შესაბამისად. გარდა სესიებისა, სოკ-ის წევრები მონაწილეობენ კომისიათა მუშაობაში, ხელს უწყობენ სოკ-ის პროგრამების შესრულებას თავიანთ ქვეყნებში, სულ ცოტა, წელიწადში ერთხელ მოხსენებით წარდგებიან სოკ-ის პრეზიდენტის წინაშე. შემოღებულია სოკის საპატიო წევრის სტატუსი.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის დაფუძნების 10 წლისთავისადმი მიძღვნილი მედალი. პარიზი, 1914 წელი

ოლიმპიური ქარტიის თანახმად, სოკ-ის წევრების საერთო რაოდენობა არ უნდა აჭარბებდეს 115-ს. მათი უმრავლესობა - არაუმეტეს 70 წევრისა, არ უნდა იყოს დაკავშირებული რაიმე კონკრეტულ ფუნქციასთან ან სოკ-ის ოფისთან. სოკ-ის წევრებად ირჩევენ აგრეთვე არაუმეტეს 15-15 წარმომადგენელს: ა) მოქმედ სპორტსმენთა რიგებიდან; ბ) საერთაშორისო სპორტული ფედერაციების ან სოკ-ის მიერ აღიარებული სხვა ორგანიზაციებიდან; გ) ეროვნული ოლიმპიური კომიტეტებიდან, ეოკ-ების მსოფლიო ან კონტინენტური ასოციაციებიდან.

ნებისმიერ წევრს ნებისმიერ დროს შეუძლია შეიჩეროს უფლებამოსილება და გადადგომის თაობაზე წერილობით აცნობოს პრეზიდენტს. წევრის უფლებამოსილება ავტომატურად ეხსნება მას, ვინც შეიცვლის ეროვნებას ან საცხოვრებელ ადგილს. სესიის გადაწყვეტილებით, ქარტიით გათვალისწინებულ შემთხვევებში, წევრი ან საპატიო წევრი შეიძლება გაირიცხოს. სოკ-ის უფლებამოსილებას ახორციელებენ: 1. სესია; 2. სოკ-ის აღმასრულებელი საბჭო; 3. პრეზიდენტი.

სესია

სესია სოკ-ის უმაღლესი ორგანოა. იღებს ოლიმპიურ მოძრაობასთან დაკავშირებულ ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, საჭიროების შემთხვევაში შესწორება შეაქვს ოლიმპიურ ქარტიაში. განსაზღვრავს ოლიმპიური მოძრაობის განვითარების ძირითად მიმართულებებს, ირჩევს ოლიმპიური თამაშების დედაქალაქს, ამტკიცებს თამაშების პროგრამას, ირჩევს სოკ-ის წევრებს, პრეზიდენტს, ვიცე-პრეზიდენტს, აღმასრულებელი საბჭოს წევრებს. სესიის უფლებამოსილებას განეკუთვნება ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების, საერთაშორისო ფედერაციების და სხვა ორგანიზაციების აღიარება ან აღიარების გაუქმება.

სესია იმართება, სულ მცირე, წელიწადში ერთხელ. პრეზიდენტის ინიციატივით ან სოკ-ის წევრთა 1/3-ის წერილობითი თხოვნით ინიშნება საგანგებო სესია. მორიგი სესიის გამართვის ადგილს განსაზღვრავს სოკ-ი, საგანგებო სესიისას - სოკ-ის პრეზიდენტი. სესია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება სოკ-ის წევრთა ნახევარი პლუს ერთი კაცი. 1894-2019 წლებში გაიმართა სოკ-ის 134 სესია.

აღმასრულებელი საბჭო

შედგება პრეზიდენტის, 4 ვიცეპრეზიდენტისა და 10 დამატებითი წევრისგან. საბჭოს წევრებს ირჩევენ სოკ-ის სესიაზე ფარული კენჭისყრით, 4 წლის (გარდა პრეზიდენტისა) ვადით. საბჭოს უფლებამოსილება ფართოა და მნიშვნელოვანი: იგი ხელმძღვანელობს სოკ-ის ყოველდღიურ საქმიანობას, ყურადღებას აქცევს ოლიმპიური ქარტიის დაცვას, პასუხს აგებს სოკ-ის ადმინისტრაციის საქმიანობაზე, ფინანსების ხარჯვაზე, ამზადებს ყოველწლიურ მოხსენებას, სესიას წარუდგენს სოკ-ის წევრობის კანდიდატებს, ნიშნავს გენერალურ დირექტორს და გენერალურ მდივანს, ანიჭებს საპატიო ჯილდოებს, შეიმუშავებს და იღებს ოლიმპიური ქარტიის განხორციელებისთვის აუცილებელ წესებსა და დებულებებს.

პრეზიდენტი

საერთაშორისო ოლიმპიური მოძრაობის ხელმძღვანელი. ირჩევენ სოკ-ის წევრთაგან 8 წლით, მომდევნო 4 წლით ხელახალი არჩევის უფლებით. პრეზიდენტი წარმართავს სოკ-ის საქმიანობას და მისი უცვლელი წარმომადგენელია. ქმნის საგანგებო ან მუდმივ კომისიებსა და სამუშაო ჯგუფებს, თავმჯდომარეობს სესიებს, აღმასრულებელი საბჭოს სხდომებს.

სოკ-ის პრეზიდენტები იყვნენ:

1 დემეტრიოს ვიკელასი (1894-96, საბერძნეთი);
2 პიერ დე კუბერტენი (1896-1916 და 1919-1925, საფრანგეთი);
3 პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებდა გოდფრუა დე ბლონე (1916-1919 წლები შვეიცარია);
4 ანრი დე ბაიე ლატური(1925-1942, ბელგია);
5 ზიგფრიდ ედსტრიომი (1942-1952, შვედეთი);
6 ევერი ბრენდეჯი (1952-1972, აშშ);
7 მაიკლ მორის კილანინი (1972-1980, ირლანდია);
8 ხუან ანტონიო სამარანჩი (1980-2001, ესპანეთი);
9 ჟაკ როგე (2001-2013 ბელგია);
10 თომას ბახი (2013-დან, გერმანია).

კომისიები

გარკვეული უფლებამოსილებით აღჭურვილი მმართველობითი დანაყოფები, რომლებიც უძღვებიან სოკ-ის საქმიანობას ცალკეულ უბნებზე. მათ შემადგენლობაში, გარდა სოკ-ის წევრებისა, შედიან სპორტისა და სხვა დარგების მოღვაწეები, ვეტერანი სპორტსმენები. ძირითადი კომისიებია: ათლეტთა, საკოორდინაციო, კულტურისა და ოლიმპიური განათლების, საერთაშორისო ოლიმპიური აკადემიის, საარჩევნო, ეთიკის, საფინანსო, საერთაშორისო ურთიერთობების, იურიდიული, მარკეტინგის, სამედიცინო, დოპინგსაწინააღმდეგო.

ადმინისტრაცია

სოკ-ის შტაბ-ბინის აპარატი, რომლის მეშვეობითაც პრეზიდენტი და აღმასრულებელი საბჭო წარმართავენ ყოველდღიურ საქმიანობას. ადმინისტრაციაში შედის პრეზიდენტის, აღმასრულებელი გენერალური დირექტორის, სამედიცინო კომისიის, გენერალური მდივნისა და პერსონალური ოფისები; მთარგმნელობითი, რეგისტრაციისა და რეკორდების, სპეციალური საგამომცემლო სექციები; სარეკლამო ბიურო; სპორტისა და ეოკ-ებთან ურთიერთობის, ფინანსების, მარკეტინგის, კომპიუტერული მომსახურების, კონტროლისა და კოორდინაციის დეპარტამენტები.

ენები

სოკ-ის ოფიციალური ენებია ფრანგული და ინგლისური. სოკ-ის ყველა სხდომა სინქრონულად ითარგმნება გერმანულ, ესპანურ, რუსულ და არაბულ ენებზე.

ოლიმპიური ქარტიის, სხვადასხვა წესების და დოკუმენტების ფრანგულ და ინგლისურ ტექსტებს შორის შეუსაბამობის შემთხვევაში უპირატესობა ფრანგულ ტექსტს ენიჭება.

სახსრები

სოკ-ი უფლებამოსილია მიიღოს საჩუქრები და ნაანდერძევი ქონება, აგრეთვე მოიძიოს საკუთარი ამოცანების განხორციელებისთვის აუცილებელი საშუალებები. სოკ-ი შემოსავლებს იღებს უფლებათა გამოყენების (სატელევიზიო უფლებების ჩათვლით) და ოლიმპიური თამაშების მოწყობის ფონდებიდან. იგი სატელევიზიო უფლებების ფონდიდან შემოსული თანხის ნაწილს გადასცემს საერთაშორისო ფედერაციებს, ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტებს, ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტებს.

წყარო

ოლიმპიური ორტომეული

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები