საერთაშორისო ორგანიზაციები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საერთაშორისო ორგანიზაციები – სახელმწიფოების არასამთავრობო ეროვნული საზოგადოებების (ასოციაციების) გაერთიანებანი, რომელთა საქმიანობას საფუძვლად უდევს დამფუძნებელი აქტი, რაც განამტკიცებს ამ ორგანიზაციის საერთო მიზნებს (პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, სამეცნიერო-ტექნიკურ თუ სხვა სფეროებში), კომპეტენციას, ორგანოთა სისტემას, საქმიანობის წესს და სხვა ორგანიზაციულ საწყისებს.

საერთაშორისო ორგანიზაციების მუდმივი ხასიათი განასხვავებს მას საერთაშორისო კონფერენციისაგან. საერთაშორისო ორგანიზაციების მიზნები უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებს, საერთაშორისო ორგანიზაციების თანამედროვე ტიპი XIX საუკუნის II ნახევარში ჩამოყალიბდა მსოფლიო საფოსტო კავშირი – 1874, საყოველთაო სატელეგრაფო კავშირი – 1865 და ა.შ. საერთაშორისო ორგანიზაციების კლასიფიკაცია სხვადასხვა კრიტერიუმებით ხდება. კერძოდ, სამთავრობათაშორისო (სახელმწიფოთაშორისო) საერთაშორისო ორგანიზაციები, რომელიც მხოლოდ სუვერენულ სახელმწიფოებს აერთიანებს, და არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაციები, რომელიც რამდენიმე სახელმწიფოს საზოგადოებრივი ორგანიზაციების ან პირების მიერ იქმნება და საერთაშორისო სამართალსუბიექტურობა არ გააჩნია. საერთო კომპეტენციის საერთაშორისო ორგანიზაციები, რომელიც პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური თანამშრომლობის საკითხების ფართო წრეს (მაგ., გაერო) მოიცავს, და სპეციალური კომპეტენციის საერთაშორისო ორგანიზაციები, რომელიც თანამშრომლობის სფეროების შედარებით ვიწრო წრით შემოიფარგლება (მაგ. გაეროს სპეციალიზებული დაწესებულებები), უნივერსალური (მსოფლიო) საერთაშორისო ორგანიზაციები, მოიცავს ყველა ან თითქმის ყველა სახელმწიფოს (სფეროს), და რეგიონული საერთაშორისო ორგანიზაციები, რომელშიც შედიან გარკვეული გეოგრაფიული რაიონის სახელმწიფოები (მაგ. არაბული ქვეყნების ლიგა).

საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის წამყვანი ადგილი უჭირავს გაეროს, რადგან იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს საერთაშორისო მშვიდობის დაცვისა და სხვადასხვა სფეროში სახელმწიფოთა თანამშრომლობის განვითარებისათვის ხელის შეწყობის საქმეში, მრავალი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია სარგებლობს საკონსულტაციო სტატუსით გაეროს სისტემის ფარგლებში. საერთაშორისო ორგანიზაციების უმრავლესობა ეფექტურ და ნაყოფიერ საქმიანობას ეწევა და დიდ როლს ასრულებს მშვიდობისა და ხალხთა თანამშრომლობის განვითარების საქმეში.

წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები