საერთაშორისო წითელი ჯვარი
საერთაშორისო წითელი ჯვარი – (International Red Cross), წითელი ჯვრის ნაციონალური ორგანიზაციების, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის და წითელი ჯვრის საზოგადოებათა ლიგის გაერთიანება.
საერთაშორისო წითელ ჯვარში გაერთიანებული ორგანიზაციების მიზანია დაჭრილების, ავადმყოფებისა და სამხედრო ტყვეების დახმარება შეიარაღებული კონფლიქტებისა და სტიქიური უბედურების დროს.
წესდების თანახმად, საერთაშორისო წითელი ჯვრის უმაღლესი ორგანოა კონფერენცია, რომელიც ტარდება 4 წელიწადში ერთხელ და რომელშიც მონაწილეობენ წითელი ჯვრის ნაციონალური ორგანიზაციები, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი და წითელი ჯვრის საზოგადოებათა ლიგა, ასევე ომის მსხვერპლთა დაცვის შესახებ ჟენევის კონვენციის (1949) წევრი სახელმწიფოები. კონფერენციებს შორის ორგანიზაციებს ხელმძღვანელობს მუდმივმოქმედი კომისია 9 წევრის შემადგენლობით (5 წევრს ირჩევს კონფერენცია, 2-ს ნიშნავს წითელი ჯვრის საზოგადოებათა ლიგა. 2-ს – წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი).