საზოგადოებრივი სექტორის ეკონომიკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საზოგადოებრივი სექტორის ეკონომიკა - (economy of public sector), ეკონომიკური მეცნიერების ახალი დარგი, რომლის წარმოშობა საბაზრო ეკონომიკის ფორმირების კვალდაკვალ მოხდა XX საუკუნის მეორე ნახევრიდან, განსაკუთრებით, 60-იანი წლებიდან და ამის პიონერი აშშ იყო. ამ პერიოდიდან მოყოლებული, კაპიტალიზმის ტრანსფორმაციის შედეგად კერძო კაპიტალისტური საკუთრების ბატონობაზე დაფუძნებული ეკონომიკური სისტემის ახალ თვისებრიობაში გადაზრდამ ტრაექტორია შეუცვალა მსოფლიოს განვითარებას. საკუთრების პლურალიზმზე დაფუძნებული საბაზრო სისტემის ძირითად მახასიათებლად, ბაზრის პრინციპების რეალიზაციასთან ერთად, სოციალური ორიენტაცია იქნა აღიარებული, რამაც, თავის მხრივ, დაადასტურა ეკონომიკის სახელმწიფო რეგულირების აუცილებლობის შესახებ კეინზიანური თეორიის სისწორე. სახელმწიფომ თავის თავზე აიღო ბაზრის „შეცდომების“ გამოსწორება, რაც ჰუმანიზაციის მსოფლიო პროცესის საფუძველი გახდა. სოციალურად ორიენტირებული საბაზრო ეკონომიკის ფორმირება დროის მოთხოვნა იყო, მეტიც, იგი თანამედროვე მსოფლიოს განვითარების მნიშვნელოვან ტენდენციად იქცა და მსოფლიოს ახალი წესრიგისა და სამოქალაქო საზოგადოების გარანტადაა აღიარებული. ამ გარემოებამ ხელი შეუწყო ზნეობრივი ფასეულობების წინა პლანზე წამოწევას, რომელმაც ჩამოიტოვა მანამდე ფესვებგადგმული, სოციალური ინსტინქტებით განპირობებული მოთხოვნილებები და მათზე მაღლა დადგა. ჩამოყალიბდა ორი ტიპის საზოგადოება - ჩაკეტილი და ღია. ჩაკეტილი - ტოტალიტარული საზოგადოება, რომლის პირობებში პიროვნება კოლექტივის მსხვერპლად იქცა და ღია - ჰუმანური საზოგადოება, რომელიც დემოკრატიული ფასეულობების განვითარების საწინდარია. უკანასკნელ პერიოდში მსოფლიოში სოციალურობის ტენდენციის გაძლიერებამ კანონზომიერი ხასიათი მიიღო, მეტიც, სოციალურმა ორიენტაციამ საბაზრო ეკონომიკა პოლიტიკურად სიცოცხლისუნარიანი გახადა.

ეკონომიკისათვის სიცოცხლისუნარიანობის მინიჭებაში უდიდესი როლი 50-იან წლებში დაწყებულმა მეცნიერულ-ტექნიკურმა რევოლუციამ შეასრულა, რომელმაც გამოიწვია საზოგადოებრივი წარმოების სტრუქტურული გარდაქმნები, მომსახურების წარმოებრივი დარგების დაჩქარებული განვითარება და მოამზადა პირობები ინდუსტრიული საზოგადოების პოსტინდუსტრიულში გადაზრდისათვის. მსოფლიოს ეკონომიკური განვითარების ახალ ისტორიაში რევოლუციურ მახასიათებლად წარმოჩნდა მომსახურების სექტორის წილის უპირატესი ზრდა დანარჩენ ორ სექტორთან შედარებით. ეს მნიშვნელოვანი თეორიული პარადიგმები რეალურად აისახა ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებში და საფუძვლად დაედო გაეროს საერთაშორისო სტანდარტულ დარგობრივ კლასიფიკაციასა და ეროვნულ ანგარიშთა სისტემას. პოსტინდუტრიული საზოგადოების ჩამოყალიბებით დაიწყო ახალი ერა კაცობრიობის ისტორიაში. ეს ახალი მსოფლიო წესრიგისა და სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობის დასაწყისი იყო.

ამ ისტორიულ წიაღსვლებში, ნახტომისებრ საზოგადოებრივ პროგრესში უდიდესი როლი შეასრულა ეკონომიკურმა თეორიამ, როგორც საზოგადოებრივმა მეცნიერებამ. სწორედ „დიდი დეპრესიის“ შემდგომ პერიოდში ჯ. მ. კეინზის მაკროეკონომიკური რეგულირების თეორიამ უდიდესი როლი შეასრულა ეკონომიკისათვის სოციალური როლის მინიჭებასა და ეკონომიკური ზრდის თანამედროვე თეორიების ჩამოყალიბებაში. ამ ობიექტურმა წანამძღვრებმა საფუძველი ჩაუყარეს საზოგადოებრივი სექტორის ეკონომიკის წარმოშობასა და განვითარებას. ეკონომიკური მეცნიერების არც ერთი დარგისთვის არ არის ნიშანდობლივი ისეთი ძლიერი ინტეგრირებული საწყისი, როგორიც ეკონომიკური თეორიის (კერძოდ, მაკროეკონომიკური თეორიის) ამ ახალი განშტოების – საზოგადოებრივი სექტორის ეკონომიკისთვისაა. ეკონომიკისთვის სოციალური ორიენტაციის მინიჭებით წინა პლანზე საზოგადოებრივი ინტერესები წამოიწია და მან გაზარდა სახელმწიფოს როლი ქვეყნის მაკროეკონომიკურ რეგულირებაში. იმ ფუნდამენტური პრობლემების გადასაწყვეტად, რომელიც საბაზრო ეკონომიკის ცნობილი ტრეადით - «რა» «როგორ» «ვისთვის» გამოიხატება, საკმარისი არ არის მხოლოდ მოთხოვნით გამოხატული ინდივიდუალური მომხმარებლების ინტერესების გათვალისწინება. აუცილებელია საზოგადოებრივი ინტერესების დაცვაც, რაშიც გადამწყვეტ როლს სახელმწიფო ასრულებს (ამიტომაცაა, რომ ეკონომიკურ ლიტერატურაში საზოგადოებრივი სექტორის ეკონომიკა ზოგჯერ გაიგივებულია სახელმწიფო სექტორის ეკონომიკასთან). საზოგადოებრივი სექტორის ეკონომიკა შეისწავლის საზოგადოებრივი მოთხოვნილებების მაქსიმალურად დაკმაყოფილების მიზნით სახელმწიფო სექტორში არსებული შეზღუდული რესურსების ეფექტიანად გამოყენების გზებსა და ოპტიმალური არჩევანის პრობლემას. ამ რესურსების რაციონალურ გამოყენებაზე დიდად არის დამოკიდებული ქვეყნის ეკონომიკის მდგომარეობა, განსაკუთრებით ის, თუ რამდენად არის იგი სოციალურად ორიენტირებული. საზოგადოებრივი სექტორის ეკონომიკის კვლევის სფეროშია მოქცეული ეკონომიკის არასაბაზრო სექტორიც, რაც, ბაზრის ნაკლოვანებებიდან გამომდინარე, უშუალოდ უკავშირდება საზოგადოებრივი საქონლის წარმოებას, გარე ეფექტების გაზომვასა და ბუნებრივი მონოპოლიების არსებობის აუცილებლობის დასაბუთებას, რომელთა გარეშე ზედმეტია საუბარი სოციალურ რეფორმებზე.

სახელმწიფოსადმი ერთ-ერთი მკაცრი მოთხოვნაა ალოკაციური ფუნქციის შესრულება, რაც უკავშირდება განსაზღვრული სახის საქონლისა და მომსახურების წარმოებას, ანუ დასავლეთში საკმაოდ აპრობირებული საზოგადოებრივი საქონლის წარმოებას, რომელიც არ შეიძლება საბაზრო ფასით მიეწოდოს მოსახლეობას. ჭეშმარიტი სოციალური რეფორმები იწყება მაშინ, როდესაც სახელმწიფო შეიმუშავებს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე კანონმდებლობას (მათ შორის, ანტიმონოპოლიურსაც), მოქნილი ფისკალური და ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გატარებით, კონკურენციის დაცვით, ჯანსაღი საინვესტიციო კლიმატის შექმნით, მცირე ბიზნესის წახალისებით და, საერთოდ, მოსახლეობის საქმიანი აქტიურობის გაზრდით მოახდენს საბაზრო უწონასწორობის მინიმიზაციას, ისეთ მიმართულებას მისცემს ბაზარს, რომელიც განაპირობებს პიროვნების შესაძლებლობათა რეალიზაციას. ეს პრობლემებიც, რომელთა გადაჭრასაც სოციალურად ორიენტირებული საბაზრო ეკონომიკისაკენ მივყავართ, საზოგადოებრივი სექტორის ეკონომიკის კვლევის სფეროა. სახელმწიფო ხარჯების პოლიტიკაში ცენტრალური ადგილი საზოგადოებაში სოციალური სტაბილურობის უზრუნველყოფის საკითხებს უჭირავს. სოციალურ სფეროში აქტიური როლის შესრულებით, სახელმწიფო «კეთილდღეობის სახელმწიფოს» ნიშნებს იძენს. მოსახლეობის საშუალო ფენის გაძლიერებით მცირდება ლობიზმის ნეგატიური შედეგების მასშტაბები, ჩქარდება ეკონომიკის ინსტიტუციონალიზმის პროცესი, იზრდება კერძო სტრუქტურების სოციალური პასუხისმგებლობა, ვითარდება სამოქალაქო თვითშეგნება, ფართოვდება თვითმმართველობითი სტრუქტურები და ძლიერდება დემოკრატია. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტებისა და ჰუმანიზაციის პროცესების გაძლიერებით წარმოშობილი ახალი პრობლემები ამდიდრებს საზოგადოებრივი სექტორის ეკონომიკის შინაარსს.

ეკონომიკური უსაფრთხოების სტრატეგიაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ეკონომიკური უსაფრთხოების კრიტერიუმებისა და პარამეტრების შემუშავებას, რაც საზოგადოებრივი სექტორის ეკონომიკის პრეროგატივაა. გადასახადები, როგორც ეკონომიკის სტიმულირებისა და რეგულირების უმნიშვნელოვანესი ბერკეტი და საბიუჯეტო შემოსავლის ძირითადი წყარო, წინა პლანზე აყენებს დაბეგვრის თეორიის საკითხებს გადასახადებისა და ეკონომიკური ეფექტიანობის ურთიერთქმედების ჭრილში და სახელმწიფოს როლს ოპტიმალური დაბეგვრის ფუნქციონირებაში. ამ კუთხითაც გადასახადების მრავალწახნაგოვანი ფენომენი საზოგადოებრივი სექტორის ეკონომიკის კვლევის სფეროა. სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის გლობალური პრობლემა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სახელმწიფო ხარჯების ოპტიმალური გადანაწილების საკითხს. ამასთან დაკავშირებით, მეტად აქტუალურია საბიუჯეტო ფედერალიზმის საკითხების კვლევა, რომელიც საზოგადოებრივი სექტორის ეკონომიკის შესწავლის ერთ-ერთი სფეროა. მისი კვლევის სფეროა აგრეთვე კეთილდღეობისა და შემოსავლების გადანაწილების პრობლემებიც, რომლებიც, თავის მხრივ, მოიცავენ სიღარიბისა და მინიმალური სოციალური გარანტიების, ინფლაციისა და მოსახლეობის შემოსავლების გაუფასურების, ქველმოქმედების, მეცნიერებისა და განათლების სახელმწიფო დაფინანსების და სახელმწიფოს მიერ მეცნიერების სტიმულირების საკითხებს. საბაზრო ეკონომიკაზე გარდამავალი პერიოდის პრობლემები კიდევ უფრო აფართოებს საზოგადოებრივი სექტორის ეკონომიკის საკვლევ არეალს. ამასთან დაკავშირებით, დიდი ყურადღება ექცევა საზოგადოებრივი სექტორის ეკონომიკის ზემოთ ჩამოთვლილი ზოგადსაკაცობრიო ამოცანების განხორციელების თავისებურებების შესწავლას საბაზრო სისტემაზე გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში. საზოგადოებრივი სექტორის ეკონომიკა, როგორც სასწავლო დისციპლინა, ფართოდ დაინერგა მრავალი ქვეყნის უმაღლეს სასწავლებლებში, გამოვიდა ცნობილ მეცნიერთა (ჟ. სტიგლიცის, ა. ანტკინსონის, მ. რინგკვისტის, ლ. იაკობსონის, ე. ჟილცოვისა და ა.შ.) სახელმძღვანელოებიც. პოსტკომუნისტურ ქვეყნებში, მაგალითად რუსეთში, უკრაინაში, ბალტიისპირეთისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში დაიწყო მეტად საჭირო და დროის მოთხოვნით წარმოშობილი ეკონომიკური მეცნიერების ამ ახალი დარგის აქტუალური პრობლემების კვლევა და საუნივერსიტეტო სწავლებაში დანერგვა, ხოლო საქართველოში ჯერჯერობით სათანადოდ ვერ იკიდებს ფეხს.

საქართველოში საზოგადოებრივი სექტორის ეკონომიკის კვლევა და შესაბამისი რეკომენდაციების ხელისუფლებისათვის მიწოდება გარკვეულ წვლილს შეიტანს ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში.


წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები