საზღვაო ნაღმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საზღვაო ნაღმი – საზღვაო იარაღის (საბრძოლო მასალის) სახეობა. განალაგებენ წყალში და მისი დანიშნულებაა მოწინააღმდეგის წყალქვეშა ნავების, წყალზედა ხომალდების, კატარღების, ხომალდების დაზიანება; ასევე – საზღვაო და საოკეანო სამხედრო მოქმედებების თეატრებზე, შიდა ტბის და სამდინარო სისტემებში მათი მოქმედების შებოჭვა სანაღმე მუქარის შექმნის მეშვეობით. შედგება ჰერმეტიზებული წყალგაუმტარი კორპუსისგან, ასაფეთქებელი ნივთიერების მუხტისგან, ამფეთქისა და დამატებითი ხელსაწყოებისგან (ვადის, თვითლიკვიდაციის და სხვა), კვების წყაროსგან. ასევე, მოწყობილობებისგან, რომლებიც უზრუნველყოფენ ნაღმის განლაგებას წყლის ზედაპირიდან მოცემულ სიღრმეზე ან გრუნტზე. საზღვაო ნაღმის განლაგებას ახორციელებენ წყალქვეშა ნავები, წყალზედა ხომალდები და საფრენი აპარატები. არის: მატარებლების ტიპის მიხედვით – ნავის, საავიაციო და უნივერსალური; ასაფეთქებელი ნივთიერების მუხტის წონით – დიდი, საშუალო და მცირე (მცირეგაბარიტიანები); განლაგების სიღრმის და ადგილის შენარჩუნების მიხედვით – ღუზის, ძირის და მცურავი; ამფეთქის მოქმედების პრინციპით – კონტაქტური და არაკონტაქტური; განლაგების შემდეგ მართვის თვალსაზრისით – მართვადი და უმართავი; მოძრაობის ხარისხით – სტაციონარული და თვითმავალი; მოცემულ სიღრმეზე დადგმის ხერხით – დადგმული ზედაპირიდან, გრუნტიდან, შუალედური სიღრმიდან. საზღვაო ნაღმი შეიძლება აღიჭურვოს ბირთვული მუხტით.

XX საუკუნის 70–80-იან წლებში განსაკუთრებულ განვითარებას მიაღწია სხვადასხვა სახის საზღვაო ნაღმმა, როგორიც არის თვითდამიზნებადი, რეაქტიულ-ამოტივტივებადი, თვითტრანსპორტირებადი (ნაღმ-რაკეტები, ნაღმ-ტორპედოები). განვითარება ხდება აფეთქების სიმძლავრის მომატების მიმართულებით ახალი ასაფეთქებელი ნივთიერებების გამოყენებით, ტრალსაწინააღმდეგო მდგრადობით და სხვა გზით.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები