საიმედო
საიმედო — სოფელი დასავლეთ საქართველოში, იმერეთში, ბაღდათის მუნიციპალიტეტში, დიმის თემში. მდებარეობს მდინარე ხანისწყლის მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან 150 მეტრი, ბაღდათიდან 9 კილომეტრი.
სახელწოდება
ადგილობრივ გავრცელებული გადმოცემის მიხედვით სოფელს საიმედო იმის გამო შერქმევია, რომ მას მტერი ვერასოდეს იღებდა. „უწინ ეს ადგილები ყოფილა დიდათ გამაგრებული. თელი მოსახლეობა ამ ციხე-სიმაგრეს აფარებდა თავს, მტერი ვერ ეკარებოდა ვერსაითგან, მიუვალი ადგილი იყო და მიტო. ხალხიც მშვიდათ გრძნობდა თავს; დოუთქმევია ამიზა საიმედო“.
უფრო მართებული იქნება, თუ ჩვენ ამ ტოპონიმს იმედაძეთა გვარს დავუკავშირებთ. სა-იმედ-ო ისევეა წარმოქმნილი, როგორც სა-კილასონი-ო, სა-კობიან-ო, სა-შაბურ-ო და სხვ. მრავალი. მაშასადამე, სა-იმედ-ო უნდა გავიაზროთ როგორც სა-იმედაძე-ო, „იმედაძეებით დასახლებული სოფელი“, „იმედაძეების კუთვნილი ადგილ-მამული“.