საირხე
საირხე – სოფელი საქართველოში, იმერეთში, საჩხერის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: კალვათა, ჭორვილა). მდებარეობს მდინარე ყვირილის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 560 მეტრი, საჩხერიდან 3 კილომეტრი.
არქეოლოგიური გათხრები
სოფელი გაშენებულია ისტორიული ციხე-სიმაგრის მოდინახეს სამხრეთით. საირხეში ქართველ არქეოლოგთა მიერ ამ 30-35 წლის წინათ გათხრილი იქნა ანტიკური ხანის ქალაქური ტიპის დასახლება, აგრეთვე საკულტო ნაგებობა, რომელიც სპეციალისტთა მიერ ნაყოფიერების ღვთაების სახელზე აგებულ ტაძრად იქნა მიჩნეული. ამ აღმოჩენის შედეგად ქართველ ისტორიკოს-არქეოლოგებს კიდევ უფრო განუმტკიცდათ რწმენა იმის თაობაზე, რომ საირხე|სარიხე ესაა კლავდიოს პტოლემეს მიერ კოლხეთის ძველ ქალაქებს შორის მოხსენიებული სარაკე. ვარაუდი უთუოდ საინტერესოა, თუმცა მისი საბოლოოდ მიჩნევა და უყოყმანოდ გაზიარება ალბათ გაძნელდება. გამორიცხული არ უნდა იყოს იმის შესაძლებლობაც, რომ პტოლემესეული სარაკე ძვ. ქართ. სა-რაგვ-ე (შდრ. ზანური ო-რაგვ-ე) ან სულაც სარაპან (ქართ. შორაპანი) სახელის დამახინჯებული (შეცვლილი) გადმოცემა იყოს. იყო ცდა ტოპონიმი საირხე|სარიხე ქართულ სარყე სიტყვასთან კავშირშიც კი ყოფილიყო განხილული, რაკი მიკვლეული ანტიკური ხანის ტაძარი ნაყოფიერების ღვთაების სახელობის იყო და მის საკულტო მსახურებაში მთავარი ადგილი ხის კულტს ეკავა.“
სახელწოდება
ტოპონიმთა წარმომავლობის გარკვევაში პირველხარისხოვანი მნიშვნელობა ენიჭება სახელწოდების სტრატიგრაფიას, ანუ ქრონოლოგიურ-ენობრივი ფენების (დანაშრევების) ასაკობრივ შესწავლას. პირველ რიგში ყურადღება უნდა მიექცეს იმ გარემოებას, რომ ტოპონიმი საირხე დიდი ხნოვანობის არ ჩანს: მას არ იცნობს ძველი ქართული ისტორიოგრაფიული წყაროები, ვთქვათ, „ქართლის ცხოვრება“, ან თუნდაც აღორძინების და გვიანფეოდალური ხანის ქართული ისტორიულ-სოციალური და ეკონომიკური შინაარსის ძეგლები (ანდერძები, შეწირულობანი, სულთა მატიანეები, სიგელ-გურჯები, დაწერილები, კომლთა ნუსხები, აღწერილობათა მასალები…) რაც მთავარია, ტოპონიმ საირხეს არ იცნობს არც ვახუშტი ბატონიშვილი და არც შემდგომი ხანის საქართველოს აღმწერი იოანე ბაგრატიონი. და ეს მაშინ, როცა ვახუშტი ბატონიშვილი, საკმაოდ დაწვრილებით აღწერს დასავლეთ საქართველოს კუთხეებს, კერძოდ, ოკრიბას (დღევ. ჭიათურა-საჩხერის მხარე). როგორც ჩანს, ტოპონიმი საირხე გვიან (XIX ს-ის I ნახევარი) არის შექმნილი. იგი სა- – -ე აფიქსით გაფორმებული სახელია და იმავე ტიპის სახელწოდებათა რიგში დგება, როგორიცაა: სა-ირმ-ე, სა-ჯოგ-ე, სა-კრავ-ე, სა-მტრედ-ე. ტოპონიმი სა-ირხ-ე, მაშასადამე, ისეთი გეოგრაფიული სახელია, რომელშიც რაღაცის სიმრავლე, კრებითობა, გავრცელებულობა არის აღნიშნული. -ირხ- ძირს ჩვენ ვაკავშირებთ ზემო-იმერულ დიალექტში კარგად დაცულ ირხვ- სიტყვასთან, რომელიც აქ იხვის, კვატის პარალელურად გამოიყენება: „ირხვები თუა მოსული, ნახე“.
ძალზე საყურადღებოა და არსებითი ის ფაქტი, რომ ამავე არეალში (საჩხერის რ) დასტურდება მიკროტოპონიმი საირხია, რომელიც სხვას არაფერია, თუ არა იგივე საირხვია, მომდინარე სა-ირხვ-ე-ა ფორმისაგან (შდრ. სამტრედია – სამტრედე-ა, საფიჩხია - საფიჩხე-ა, საღორია – საღორე-ა და სხვ.) მაშასადამე, საირზე (სა-ირხვ-ე||სა-ირხვ-ია) უნდა გავიაზროთ როგორც „ადგილი, სადაც იხვი მრავლად ბუდობს“, „იხვებზე სანადირო ადგილები“ შდრ. მეგრ. ტოპონიმი ო-კვანტიეშ-ი სა-კვატი-ე“. საინტერესოა, რომ ტოპონიმი საიხვე (ხემო და ქვემო) ცნობილი იყო ჯერ კიდევ XV-XVI საუკუნეების სამცხე-საათაბაგოში. საიხვია დადასტურებულია ს კურსებშიც (ისტორ. ოკრიბა), ზემო აჭარაშიც (გოდერძის უღელტეხილზე მდებარე ტბას ეწოდება) და ოზურგეთის რაიონშიც (სოფ. მერია). საგანგებოდ უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ სოფ. სპეთში (საჩხერის რ.) სათიბი და სახნავი ადგილების სახელწოდებად გვხვდება მიკროტოპონიმი საირხია|საირხეები, აგრეთვე მათი ბგერინაცვალი საერხია, რომელიც, რა თქმა უნდა, ტოპონიმის საირხვიად გააზრებას უწყობს ხელს.
დასასრულ შეიძლებოდა კიდევ ერთი ვარაუდის დაშვება. ხომ არ უნდა ვიფიქროთ, რომ ტოპონიმი საირხე წარმომდგარი იყოს ჭანური ირხ-ი სიტყვისაგან რომელიც წარმოშობით თურქულია და „ცხენის ჯოგს“, „რემას“ ნიშნავს.“ თურქულ ირხ- სიტყვას („რემა“) ქართული ენის გარემოცვაში მოხვედრის შემდეგ შეიძლებოდა „მიეთვისებინა“ ქართული საწარმოქმნო აფიქსი სა-ე და იგი სა-ირხ-ე-დ ქცეულიყო. მაშასადამე, ამ უკანასკნელი ვარაუდის მიხედვით ტოპონიმი საირხე უნდა გავიაროთ როგორც „ცხენების საძოვარი ადგილი“, „საცხენე ადგილები“, „მთა, სადაც ცხენების რემას მწყემსავენ“. (შდრ. საცხენის-ი)
ამ ორ ვარაუდთაგან უპირატესობას ჩვენ მაინც პირველს ვაკუთვნებთ: სა-ირხვ-ე → სა-ირხ-ე (ვ- სონორის დაკარგვით). (შდრ. აჭარ. ინწკირ-ეთ-ი (–ინწკირვ-ეთ-ი).