საკიდელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საკიდელი − როგორც ჯაჭვის სახეობა, ცისა და მიწის კავშირის განსახიერებაა: საკიდელი სახლის ჭერიდან, თითქოს ციდან, არის დაკიდებული კერის თავზე, რომელთანაც ერთად იგი ოჯახის ერთიანობას და სიწმიდეს გამოხატავს. საკიდელი მამრია, კერა – დედრი, მათი ერთიანობა კი – ოჯახი, სახლი. როგორც კერიაში ჩაუქრობელი უნდა იყოს ცეცხლი, ასევე საკიდელი უნდა იყოს მრთელი, გაუწყვეტელი. საკიდელის გაწყვეტა ან ჩამოხსნა უბედურების, ოჯახის დაქცევის ნიშანია. აი, რას გვეუბნება ერთი ხევსურული ლექსი:

„მარტიას გამაუვლიან გარეკახეთის მთანია,
ერისთვიანებ უხოცავ, ცეცხლზე დაუსხავ წყალია,
საკიდელ ჩამოუგლეჯავ, სახლის უმტვრევავ კარია“

საკიდელი არის შთამომავლობის, უწყვეტი ტრადიციის სიმბოლო. ხევსური ამბობს, რომ კაცი რკინის საკიდლით არის დაბმული, ანუ ის საკიდლით თავის წინაპრებთან არის დაკავშირებული. საკიდელი თაობათა ერთიანობაა, სადაც თითოეული თაობა ჯაჭვის რგოლით არის წარმოდგენილი. მრთელია საკიდლის ჯაჭვი, მრთელია თაობათა კავშირი, ტრადიცია. გაწყდება ჯაჭვი – გაწყდება თაობათა კავშირიც.

თქმულებით, პირველი საკიდელი ქაჯავეთიდან ყოფილა მოტანილი ღვთისშვილის ხელით, ეს ღვაწლი სადიდებელშია შემონახული: „დიდება შენთვის ხმალას წმიდაო გიორგიო, ქაჯუეთის ჯაჭვის ამგლეჯელო!“.

მისგან, როგორც ეტალონისგან, დაამზადეს სხვა საკიდები, რამდენიც კი საჭირო გახდა. ოსური ანდრეზის თანახმად, საკიდელი ციური წარმოშობისაა: პირველი საკიდელი ცაში კერის მფარველმა ღვთაება საფამ გამოჭედა და მიწაზე გადმოაგდო, რათა ადამიანებს ეპოვნათ და მის ნიმუშზე გამოეჭედათ თავ-თავიანთი კერებისთვის საკიდლები.

წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები