საკონსულტაციო საბჭო იტალიის საკითხთან დაკავშირებით
საკონსულტაციო საბჭო იტალიის საკითხთან დაკავშირებით – შეიქმნა 1943 წლის ოქტომბერში მოსკოვის კონფერენციაზე 1943 მიღებული გადაწყვეტილების თანახმად. საბჭოს მოვალეობა იყო ყოველდღიური პრობლემების გადაწყვეტა სამხედრო საკითხების გარდა და იტალიის მიმართ მოკავშირეთა პოლიტიკის კოორდინირებისათვის საჭირო რეკომენდაციების შემუშავება. აღნიშნული რეკომენდაციები უნდა წარედგინათ იტალიაში მოკავშირეთა ჯარების უმაღლესი მთავარსარდლისათვის. საბჭოს უნდა ეხელმძღვანელა ქვეყნის დემოკრატიული გზით განვითარების პრინციპით. გადაწყვეტილებები მიიღებოდა ერთხმად.
საკონსულტაციო საბჭომ ფუნქციონირება დაიწყო 30 ნოემბერს. მასში შედიოდნენ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, სსრკ-ის და საფრანგეთის (1944 წლის ივნისამდე – საფრანგეთის ეროვნული განთავისუფლების კომიტეტის) წარმომადგენლები. 1944 წლის თებერვლიდან საბჭოს წევრები გახდნენ საბერძნეთი და იუგოსლავია. საბჭო რეგულარულად იხილავდა სამოკავშირეო საკონტროლო კომისიის მოხსენებებს იტალიაში შინაპოლიტიკური მდგომარეობის შესახებ. თავდაპირველად საბჭომ განიხილა მთელი რიგი პრობლემები, რომლებიც ეხებოდა სამხედრო ტყვეთა საკითხს; იტალიის, როგორც მოკავშირეებთან ერთად მეომარი მხარის, უფლებებს; იტალიის შეიარაღებული ძალების გამოყენების საკითხს; სახელმწიფო აპარატისა და არმიის ფაშისტური ძალებისაგან წმენდას და ა.შ. სხდომათა ოქმები გადაეცემოდა მოკავშირეთა ჯარების უმაღლეს მთავარსარდალს ინფორმაციისათვის. სულ ჩატარდა 52 სხდომა. საკონსულტაციო საბჭომ იტალიის საკითხთან დაკავშირებით, არსებობა შეწყვიტა 1946 წლის მარტში.