საკუთრება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საკუთრება - (property, ownership) - ადამიანთა შორის საზოგადოებრივ-ეკონომიკური ურთიერთობების გამომხატველი კატეგორია; წარმოების, განაწილების, გაცვლისა და მოხმარების პროცესში ჩამოყალიბებული ობიექტური კავშირების სისტემა, მატერიალური დოვლათის მითვისების განსაზღვრული სოციალურ-ეკონომიკური ფორმა. საკუთრება საზოგადოების განვითარების გამომხატველი კატეგორიაა და ისეთივე ცვალებადია, როგორც საზოგადოების ეკონომიკური სტრუქტურა.

ადამიანი ბუნებას იყენებს არა როგორც ცხოველი, რომელიც ეუფლება ბუნების ნაბოძებს და ითვისებს მას ბუნებასთან ურთიერთობის გაცნობიერების გარეშე, არამედ მასთან ექცევა ეკონომიკური სისტემით განპირობებულ ურთიერთობაში გარკვეული საზოგადოებრივი ფორმით.

ეკონომიქსი საკუთრებას განიხილავს როგორც ადამიანის დამოკიდებულებას ნივთისადმი. ამის საპირისპიროდ ეკონომიკური თეორია საკუთრებას განიხილავს, როგორც ადამიანებს შორის ურთიერთობას, ჩამოყალიბებულს რესურსებისა და მათი მეშვეობით შექმნილი დოვლათის მითვისების გამო.

საკუთრების რეალიზაციის ფორმებია: სარგებლობა, მფლობელობა, განკარგვა (სრული საკუთრება). სარგებლობის უფლება წარმოების საშუალებების ან სხვა ქონების ექსპლუატაციისა და მისგან სარგებლობის მიღების შესაძლებლობას იძლევა; მფლობელობის უფლება წარმოების საშუალებებისა ან სხვა ქონების ფაქტობრივად დაუფლებისა და საკუთარ მფლობელობაში ქონის შესაძლებლობაა. მფლობელობა მოიცავს სარგებლობას, როგორც დაქვემდებარებულ მარტივ მომენტს. განკარგვის (სრული საკუთრების) უფლება მესაკუთრეს შესაძლებლობას აძლევს იმოქმედოს თავის შეხედულებისამებრ და თვითონ განსაზღვროს საკუთრების ობიექტი: თავის საკუთრებაში დაიტოვოს თუ გაასხვისოს, გაყიდოს. სრული საკუთრება მოიცავს სარგებლობასა და მფლობელობას.


წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები