სალებელი
სალებელი — სოფელი საქართველოში, თელავის მუნიციპალიტეტში, (თეთრი წყლების თემი). მდებარეობს გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 1340 მეტრი, თელავიდან 20 კილომეტრი. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში არავინ არ ცხოვრობს.
სახელწოდება
სოფლის სახელწოდებაში ცოცხლად არის შემორჩენილი ის ფაქტი, რომ სალებელი ხევსურეთის სოფელ სალებე-დან მოსულ მოსახლეობას შეუქმნია, რაზედაც ნათლად მიგვანიშნებს ადამიანთა სადაურობა-წარმომავლობის აღმნიშვნელი -ელ- სუფიქსი. სალებ-ელ-ი, მაშასადამე, იმავე წესით ყოფილა გაფორმებული, როგორც: ყვარ-ელ-ი, ხორხ-ელ-ი, სანებ-ელ-ი…
თვითონ ამოსავალი სახელწოდება სალებე (სა-ლებ-ე) ნიშნავს: „სოფელი, სადაც მოიპოვება მინერალი, საღებავად სახმარი ტალახი „ლები“, იგივე მიწალები, არჯასპი. მოსახლეობა მას ოდითგანვე იყენებდა როგორც ბუნებრივ საღებავს (ღებავდა შავად ან მუქლურჯად). ამიტომაცაა, რომ სიტყვა ლები, როგორც სილურჯის აღმნიშვნელი სიტყვა, ძველქართულშივე კარგად იყო ცნობილი. დალებება (ცემისაგან დალურჯების მნიშვნელობით) შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანშიც“ რამდენიმეგზის არის სხვადასხვა ფორმით დადასტურებული:
„ხელი მიჰყო, წამოზიდნა, თმანი გრძელნი დაუფუშნა,
დაალება, დაალურჯა, მედგრად პირნი მოიქუშნა“.
„ყმა წავიდა სევდიანი, მკერდსა იცემს, ამად ილებს“...
„ჩვენთა მტერთანი გიჩვენნე წყლულნი მით, გაგლახ, ლებულნი!“