სალუქვაძე ხათუნა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხათუნა სალუქვაძე

ხათუნა სალუქვაძე − (Khatuna Salukvadze), ქართველი დიპლომატი, 2013-2019 წლებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლიეტუვის რესპუბლიკაში.

ხათუნა სალუქვაძემ კარიერული დიპლომატიის ყველა საფეხური გაიარა − მრჩევლიდან საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოზიციამდე.

ლიეტუვის რესპუბლიკაში ელჩად დანიშვნამდე, იგი იყო საგანგებო დავალებათა ელჩი, პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორი, ამერიკის დეპარტამენტის დირექტორი, პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, საერთაშორისო უსაფრთხოებისა და პოლიტიკის დაგეგმვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, პოლიტიკის დაგეგმვის სამმართველოს უფროსი და მრჩეველი ევროპულ საქმეთა დეპარტამენტში.

ხათუნა სალუქვაძე ასევე მუშაობდა პრემიერ-მინისტრის უფროს მრჩევლად საგარეო პოლიტიკის საკითხებში.

საქართველოს დიპლომატიურ სამსახურში საქმიანობის დაწყებისთანავე, ხათუნა სალუქვაძემ აქტიური მონაწილეობა მიიღო საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის, კონცეფციის და მისიის ფორმულირებაში. მისი ავტორობით, საქართველოს ისტორიაში პირველად შემუშავდა საგარეო პოლიტიკის სტრატეგია და დიპლომატიური სამსახურის მისია, რაც დღემდე საფუძვლად უდევს საზღვარგარეთ საქართველოს მისიების საქმიანობას.

ხათუნა სალუქვაძემ დაამთავრა ჰარვარდის უნივერსიტეტი (საჯარო მართვის მაგისტრის ხარისხი), ლონდონის ეკონომიკის და პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლა LSE (საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრის ხარისხი), და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციოლოგიის ფაკულტეტი.

დიპლომატიურ კარიერასთან ერთად, ხათუნა სალუქვაძე ეწევა საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობას.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ხათუნა სალუქვაძის ინიციატივით განხორციელებული ისტორიული გადაწყვეტილება − ლიეტუვურ ენაში, გამორჩეულად მეგობრული ურთიერთობების და მტკიცე ურთიერთთანამშრომლობის დასტურად, განხორციელებულიყო საკანონმდებლო ცვლილება და საქართველოს ოფიციალური დასახელება „გრუზია” (Gruzija) შეიცვლილიყო სახელწოდებით „საქართველო” (Sakartvelo). რის შემდეგაც, საქართველოს სახელმწიფო ენის დეპარტამენტმა მიიღო საპასუხო გადაწყვეტილება ქართულ ენაში ავთენტური სახელწოდება „ლიეტუვა“-ს დამტკიცების თაობაზე.

ფლობს: ინგლისურ, რუსულ, ფრანგულ, ესპანურ და ლიეტუვურ ენებს.

მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.


წყარო

დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები