სამეფო თეატრი კოვენტ გარდენი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წარწერის ტექსტი

სამეფო თეატრი კოვენტ გარდენი – (Theatre Royal, Covent Garden), სამეფო თეატრი ლონდონში, რომელიც 1732 წელს დაარსდა. თეატრი, ძირითადად, საოპერო და საბალეტო დადგმებისთვის აშენდა, რომელიც სამეფო კარზე იდგმებოდა. თეატრის სახელწოდება ლონდონის უბნის გეოგრაფიული სახელწოდებიდან მოდის. თეატრის ახალი შენობა 1858 წელს აშენდა და 2300-მდე მაყურებელს იტევდა, 1990 წელს მოხდა შენობის სრული რეკონსტრუქცია და განხორციელდა შიდა ინტერიერის კარდინალური რემონტი. მანამდელი შენობა აშენდა 1720-30-იან წლებში იმპრესარიო და თეატრის რეჟისორ ჯონ რიჩის ინიციატივით. კოვენტ გარდენი 1732 წლის 7 დეკემბერს გაიხსნა უილიამ კონგრივის პიესით „სამყაროს გზაზე“ (The way of the World). თეატრის გახსნის ცერემონიალზე მსახიობებმა დემონსტრაციულად აპლოდისმენტების ფონზე ჩაიარეს მაყურებლის წინაშე.

თითქმის 100 წლის განმავლობაში, დაწყებული 1660 წლიდან, კოვენტ გარდენი იყო მეორე თეატრი ლონდონში (პირველი, დრური ლეინი იყო), რომელსაც, მეფე კარლ II-ის ბრძანების თანახმად, უფლება ჰქონდა ეთამაშა დრამატული სპექტაკლები. 1734 წელს კოვენტ გარდენში დაიდგა პირველი ბალეტი „პიგმალიონი“, რომელშიც მთავარ პარტიას ასრულებდა მარი სალე. ის იყო პირველი მოცეკვავე, რომელსაც კორსეტი არ ეცვა.

1734 წლის ბოლოს, კოვენტ გარდენში დაიწყო ოპერების დადგმა. პირველი ოპერის „ერთგული მწყემსი“ (იტალიურ ენაზე) ავტორი გერმანელი კომპოზიტორი გეორგ ფრიდრიხ ჰენდელი – თეატრის ყოფილი მუსიკალური ხელმძღვანელი იყო. მეორე საოპერო დადგმადაც 1735 წლის იანვარში კვლავ ჰენდელის „არიოდანტი“ აირჩიეს.

1808 წელს კოვენტ გარდენი დაიწვა. ახალი შენობა 9 თვის განმავლობაში შენდებოდა რობერტ სმიორკის პროექტით. თეატრი 809 წლის 18 სექტემბერს გაიხსნა „მაკბეტით“. ამ პერიოდში კატასტროფულად გააძვირეს თეატრის ბილეთები, რათა ხანძრის შედეგად დაკარგული ხარჯები აენაზღაურებინათ, რასაც პროტესტით შეხვდა ლონდონის მაყურებელი, სპექტაკლებზე ყვიროდნენ და სტვენდნენ. თეატრის ხელმძღვანელობა იძულებული გახდა ბილეთის ფასები კვლავ დაეწია. კოვენტ გარდენი დღესაც ერთ-ერთი გამორჩეული თეატრია არა მხოლოდ ბრიტანეთში, არამედ მთელ ევროპაში.

ლაშა ჩხარტიშვილი


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები