სამკურნალო სალბი
სამკურნალო სალბი
ოჯახი - Labiatea - ტუჩოსანთა
გვარი - Salvia L. - სალბი
სახეობა – S. scjarea L. - სამკურნალო სალბი
მრავალწლოვანია, ბალახოვანი, კარგად განვითარებული ფესვთა სისტემით, სწორმდგომი ღეროებით, რომლებიც მოწითალო-მოიისფროა და შეიძლება 120 სმ სიმაღლისა იყოს. ფოთლები კვერცხისებურია, წვერში დანაოჭებული და დახრილი, ქვედა მხარეზე აშკარად გამობურცული ძარღვებით. ყვავილები მოკლე ყვავილსაჯდომზე სხედან, ისინი მკვეთრად გამოხატული ორტუჩაა, ზედა ტუჩი 3 ნაწილად არის დაკბილული, ქვედა – ორ ნაწილად. გვირგვინი 2-3–ჯერ გრძელია, ვიდრე ჯამის ფოთლები. ყვავილები შეიძლება იყოს ვარდისფერი, იასამნისფერი ან თეთრი. ყვავის ივნის-ივლისში. ნაყოფი მწიფდება აგვისტო-სექტემბერში.
გავრცელებულია ევროპულ ნაწილში, კავკასიაში, ყაზახეთსა და შუა აზიაში. ყვავილებსა და ფოთლებში გროვდება ეთერზეთები, ძმრისა და ჭიანჭველმჟავები. ეთერზეთები გამოიყენება პარფიუმერიაში და საკონდიტრო წარმოებაში, აგრეთვე თამბაქოსა და წამლების წარმოებაში, თირკმელების დაავადებისა და ანტიბაქტერიული პრეპარატების დასამზადებლად, რევმატიზმისა და კუჭნაწლავის დაავადების შემთხვევაში.