სამოელ დონაური
სამოელი – კახეთის მთავარი (839-861). გარდაბნის დიდებულთა დონაურთა გვარის დინასტიის პირველი წარმომადგენელი. ის დროს კახეთი კვლავ აგრძელებს დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკური კურსის გატარებას, რამაც არაბთა ახალი შემოსევები გამოიწვია.
840-843 წლებში ხალიდ იბნ-იაზიდი ორჯერ შემოესია საქართველოს. არაბთა წინააღმდეგ საბრძოლველად შეიქმნა ამიერკავკასიის პოლიტიკური ერთეულების კოალიცია, რომელშიც შევიდნენ: კახეთის ქორეპისკოპოსი სამოელი, თბილისის ამირა, გუარამ მამფალი და არმენიის სპარაპეტი სმბატ აშოტის ძე ბაგრატუნი.
პირველად არაბებმა ჰერეთის გავლით შეაღწიეს კახეთში, მაგრამ სასტიკი მარცხი განიცადეს კახეთის ლაშქართან ბრძოლაში. რომელიც სოფელ გავაზთან გაიმართა. შემდეგ ხალიდ იბნ იაზიდმა ჯავახეთში ილაშქრა, სადაც დაიღუპა კიდეც.
ბაღდადის ხალიფამ, რომელსაც არ სურა მარცხთან შერიგება, ამიერკავკასიის ურჩი პოლიტიკური ერთეულის დასჯის მიზნით ახალი ლაშქრობა მოაწყო. 853 წელს საქართველოში შემოიჭრა უზარმაზარი არმია ბუღა თურქის ხელმძღვანელობით.
არაბებმა პირველი დარტყმა თბილისის საამიროს წინააღმდეგ მიმართეს. ბუღა თურქმა სასტიკად დაარბია თბილისი − მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში 50 ათ. თბილისელი დაიღუპა.
854 წელს ბუღა თურქმა ორჯერ სცადა კახეთში შეჭრა, პირველად გარდაბნის მხრიდან. ამ უკანასკნელის სასტიკად აოხრების შემდეგ, მეორედ დასავლეთიდან, არაგვის ხეობით. კახელებმა ორჯერვე მოიგერიეს არაბების არმია და კახეთის სამთავრო აოხრებას გადარჩა.