სამტრედია (ქალაქი)
სამტრედია – ქალაქი დასავლეთ საქართველოში ქვემო იმერეთში, სამტრედიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს კოლხეთის დაბლობზე, მდინარე რიონის მარჯვენა სანაპიროზე, ზღვის დონიდან 25 მ., ქუთაისიდან დასავლეთით 27 კილომეტრში. ქალაქი 40,76 კვადრატულ კილომეტრზეა გაშენებული.
სახელწოდება
სამტრედია მნიშვნელოვანი სარკინიგზო და საკომუნიკაციო კვანძია. ქალაქს, როგორც დასახლებულ პუნქტს, გვიანდელ ხანებში, XIX ს-ის II ნახევარში ჩაჰყრია საფუძველი. იგი წარმოიქმნა ფოთი-თბილისის რკინიგზის მაგისტრალის გაყვანის თანადროულად. მაგრამ ეს იმას როდი ნიშნავს, რომ სახელწოდება სამტრედიაც ახალია.
სამტრედია ერქვა იმ ვრცელ ადგილებს, რომლებიც იმერეთის მეფეებს თუ თავად-აზნაურობას გარეულ მტრედზე სანადიროდ,„სასახუნდრე ადგილებად ჰქონდათ ამორჩეული. ამგვარი „სატრედოები“ თუ „სატრედეთ-მიწები“ XVII-XVIII საუკუნის საქართველოში ადგილთა სახელებად კარგად იყო ცნობილი.“
მოგვიანებით, როცა ამგვარ „სატრედე“ მიწებზე სამოსახლოები გაჩნდა და ქალაქს საფუძველი ჩაეყარა, ადგილის სახელი სა-ტრედ-ე – სა-ტრედ-ია მექანიკურად შეერქვა დასახლებულ პუნქტს და იგი იქცა სამტრედიად. მ თანხმოვნის გაჩენას უთუოდ ხელს შეუწყობდა სახელწოდებაში რიცხვითი სახელის („სამი“) მოაზრება. ადგილობრივ მოსახლეობაში მართლაც მყარად არის ფეხმოკიდებული ლეგენდა სამი მტრედის შესახებ, რომლებიც ვითომ სისტემატურად, ყოველ საღამოს სხდებოდნენ ქალაქის ცენტრში, ამჟამინდელი რკინიგზის სადგურთან მდგარ სამ დიდ ხეზე. აი, ამ სამი მტრედის გამო შერქმევია ქალაქს სახელად სამტრედიაო (ნანა ვარლამის ასული სტურუა, ქ. სამტრედია). სინამდვილეში, როგორც უკვე ვთქვით, სამტრედია ნიშნავს: „გარეულ მტრედზე სანადირო ადგილები“, „გარეული მტრედით მდიდარი ადგილები“. ამიტომაც, ვფიქრობთ, სწორი არ უნდა იყოს შ. გოგატიშვილი, რომელიც ტოპონიმ სამტრედიის წარმოშობას სიტყვა ტრედს („ნაწილი“) უკავშირებს: აქედან გზა სამ ტრედად, სამ ნაწილად მიემართებოდაო“